Belive

ხესუს ოვონო 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანდორას (ესპანეთის მეორე დივიზიონი) მეკარეს, ხესუს ოვონოს, 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა - იმ შეჯახების გამო, რომელსაც ტენერიფეს თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალება მოჰყვა.

ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 25 წლის მეკარე 12 შეხვედრით ჩამოშორდება მოედანს. 2 ნოემბერს, ჩემპიონატის მატჩში, ოვონო ტენერიფეს ფორვარდს, ხესუს დე მიგელს შეეჯახა. შეჯახებამ 30 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე შეიწირა, რამაც საფეხბურთო სამყაროში უდიდესი ემოციური ტალღა და მწუხარება გამოიწვია.

სადისციპლინო კომიტეტმა, მოედანზე მეტოქის მიმართ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებისთვის, რეგლამენტის 102-ე მუხლით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელი (4-დან 12 მატჩამდე) გამოიყენა. „მსაჯის ოქმში აღწერილი ქცევის ხასიათისა და თანმხლები გარემოებების გათვალისწინებით, კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახეზეა მძიმე დარღვევა, რომლის განსაკუთრებული სიმძიმე მაქსიმალური სანქციის გამოყენებას ამართლებს“ - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში. მატჩის ოქმში არბიტრმა მიუთითა, რომ ოვონო გააძევა „ბურთის თამაშში ყოფნისას მეტოქესთან სასტიკი შეჯახებისთვის - მან აწეული ფეხით გადაჭარბებული ძალა გამოიყენა“.

ტრაგედიის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ოვონომ აღნიშნა, რომ ცხოვრებაში „ყველაზე მძიმე დღეებს“ გადიოდა.

მოგვიანებით მისმა მწვრთნელმა, კარლეს მანსომ, დაადასტურა, რომ მეკარე "დათრგუნულია იმ ტრაგედიის გამო, რომელთან ერთადაც, სამწუხაროდ, ცხოვრების გაგრძელება მოუწევს“.