ფიფამ დანიის მოთხოვნა უარყო | სკანდინავიელები ადამიანის უფლებების მხარდასაჭერი მაისურებით ვერ ივარჯიშებენ
დანიის ფეხბურთის ასოციაციამ გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ფიფამ მათი მოთხოვნა, ადამიანის უფლებების დაცვის მხარდასაჭერი მაისურებით ვარჯიშთან დაკავშირებით, უარყო. სკანდინავიელები ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს თავიდანვე აპროტესტებდნენ. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მუშებისთვის არასათანადო პირობები იყო.
FIFA have rejected Denmark's request to train at the World Cup in shirts reading "human rights for all", according to the Danish Football Association. pic.twitter.com/ZD5xQYZSgZ
— ESPN FC (@ESPNFC) November 10, 2022
"დღეს ფიფასგან მივიღეთ შეტყობინება, რომ სავარჯიშო მაისურები, რომლებიც ჩვენს ფეხბურთელებს უნდა ეტარებინათ, ტექნიკური მიზეზების გამო უარყოფილია. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. მაისურებზე ადამიანის უფლებების მხარდასაჭერი წარწერები იქნებოდა და სამყაროს დაანახებდა, რომ ყატარში უამრავი წესი ირღვევა.” - განუცხადა დანიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა იაკობ იანსენმა საინფორმაციო სააგენტო Ritzau-ს.
ფიფას წარმომადგენლები ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. უმაღლესი საფეხბურთო ორგანიზაციის წესდების თანახმად, ფეხბურთელთა ეკიპირებაზე გამოსახული არ უნდა იყოს პოლიტიკური, რელიგიური ან პირადი ლოზუნგები. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ფიფამ ცოტახნის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრებს მიმართა.
დანია მუნდიალზე პირველ თამაშს D ჯგუფში ტუნისის წინააღმდეგ 22 ნოემბერს გამართავს.