3 დეკემბერს, ტურინში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ისტორიაში შევა. აღნიშნულის მიზეზი UEFA-ს მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება გახდა.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში პირველად - ჩემპიონთა ლიგის მატჩის მთავარი მსაჯი ქალი იქნება. "იუვენტუსისა" და "დინამო კიევის" მატჩს ცნობილი ფრანგი ქალი არბიტრი - სტეფანი ფრაპა გაუძღვება.
აღსანიშნავია, რომ კარიერის მანძილზე სტეფანი ფრაპა უკვე გაუძღვა რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩს - 2019 წელს, "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის გამართული UEFA-ს სუპერთასის დაპირისპირება სტეფანი ფრაპამ განსაჯა. ფრაპას აქტივში საფრანგეთის ლიგა 1-ისა და UEFA-ს ევროპა ლიგის ეგიდით გამართული მატჩებიცაა.
"იუვენტუსისა" და "დინამო კიევის" დაპირისპირებაში, სტეფანი ფრაპას ასისტენტები ჰიჩამ ზაკრანი და მეჰდი რაჰმუნი იქნებიან - მეოთხე ოფიციალური პირის ფუნქციებს კი კარიმ აბედი შეასრულებს.
UEFA-ს სამსაჯო კომიტეტის უფროსმა - რობერტო როსეტიმ აღნიშნა, რომ სტეფანი ფრაპა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ახალგაზრდა ქალი არბიტრის ინსპირაციის წყარო გახდება.