პეპ გვარდიოლა: "სამწუხაროდ, დე ბრუინეს ტრავმა მძიმეა, იგი რამდენიმე თვეს გამოტოვებს..."
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე, კევინ დე ბრუინეს ტრავმის შესახებ ისაუბრა და დაადასტურა, რომ ბელგიელი ვარსკვლავის ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც მას რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.
პრემიერ ლიგის 2023/2024 წლების სეზონი მოქმედმა ჩემპიონმა "სიტიმ" გახსნა, სადაც პრემიერ ლიგაში ახლადაღზევებული "ბარნლის" სტუმრად 0:3 მოუგო.
მატჩის 23-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო კევინ დე ბრუინემ, რომელიც მატეო კოვაჩიჩმა შეცვალა. თავდაპირველად 32 წლის ბელგიელის ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, თუმცა როგორც პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს განუცხადა, დე ბრუინეს ტრავმა ძალიან მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც იგი რამდენიმე თვეს გამოტოვებს და შესაძლოა ბარძაყის ოპერაცია დასჭირდეს.
"კევინის ტრავმა, დიდი დარტყმა და დანაკლისია. მას აქვს სპეციფიკური თვისებები. იგი მინიმუმ 3-4 თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება. სამწუხაროდ, მოგვიწევს ალტერნატივების მოძებნა, ამ ეტაპისთვის, ჩვენ შოკირებულები ვართ, რადგან KDB თავს იდეალურად გრძნობდა.
კევინი შეუცვლელია, მაგრამ ჩვენ გვყავს ნიჭიერი მოთამაშეები, რომლითაც მას დროებით ჩავანაცვლებთ.
ნამდვილად სამწუხარო და საწყენია ეს ყველაფერი, მიჭირს ამ თემაზე საუბარი, თუმცა უნდა შევეგუოთ ამ რეალობას..."
- პეპ გვარდიოლა
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინეს გარდა, მანჩესტერ "სიტის" ტრავმის გამო ჯონ სტოუნსიც აკლია.
მოქმედი ჩემპიონი პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ნიუკასლს" უმასპინძლებს. მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.