Belive

პელეს მდგომარეობა დამძიმდა - ბრაზილიელი ლეგენდა კლინიკაში რჩება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის საავადმყოფო ავრცელებს, რომელშიც ვეტერანი ბრაზილიელი მკურნალობს.

სან პაულოში მდებარე, ალბერტ აინშტაინის სახელობის ებრაული კლინიკის განცხადებით, დაავადება, რომელიც პელეს აწუხებს, ორგანიზმში უფრო მეტად ვითარდება და ახლა 82 წლის ლეგენდა მეტ ზრუნვას საჭიროებს.

პელე საავადმყოფოში 29 ნოემბერს რესპირატორული ინფექციის გამო შეიყვანეს. ასევე, მას მსხვილ ნაწლავზე მიმდინარე მძიმე დაავადების გამო, ქიმიოთერაპიის ახალი კურსი სჭირდება.

"საშობაო დღეები შინ დასრულებულია. ექიმებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, უკეთესი იქნებოდა, თუ კლინიკაში დავრჩებოდით და მივიღოთ მთელი ის ზრუნვა, რომელსაც აინშტაინის კლინიკის ეს ახალი ოჯახი ჩვენს მიმართ იჩენს.

როგორც ყოველთვის, მადლობელი ვართ იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც როგორც ბრაზილიიდან, ისე მთელი მსოფლიოდან ვიღებთ. თქვენი სიყვარული და ლოცვა მისდამი დიდი ნუგეშია, რადგანაც ვიცით, რომ მარტო არ ვართ.

გვიყვარხართ და მომდევნო კვირას სიახლეებს მოგაწვდით", - წერს პელეს შვილი Instagram-ზე.

პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას კარიერაში 1363 მატჩში 1281 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები