პაზოლინისა და ბერტოლუჩის საფეხბურთო მატჩი, სადაც კარლო ანჩელოტიმ ითამაშა
ეს უცნობი ისტორიაა, რომელიც დიდ ადამიანებს, დიდ სახელებს, კინოსა და ფეხბურთს აერთიანებს.
1975 წლის გაზაფხულზე, პარმაში გადაღებები მიმდინარეობდა. რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, პიერ პაოლო პაზოლინი "სალო, ანუ სოდომის 120 დღეს", ხოლო ბერნარდო ბერტოლუჩი კი "მეოცე საუკუნეს" (იტალიურად, 'ნოვეჩენტო") იღებდა. ამ უკანასკნელში, მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ჟერარ დეპარდიე ასრულებდნენ.
ორ დიდ რეჟისორს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა, თუმცა 3 წლით ადრე, პაზოლინიმ ბერტოლუჩის "უკანასკნელი ტანგო პარიზში" დაუწუნა, რამაც მათ ურთიერთობაში ბზარი გააჩინა.
იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ფილმის გადაღებას ერთი კომპანია უზრუნველყოფდა, მსახიობმა, ლაურა ბეტიმ, ასეთი რამ მოიფიქრა: შემოქმედებითი ჯგუფების დასამეგობრებლად, საფეხბურთო მატჩი უნდა ჩატარებულიყო: "ნოვეჩენტო" Vs. "სალო".
16 მარტს, დილის 09:30-ზე, მატჩმა სტარტი აიღო. "სალოს" მაისური ლურჯ-წითელი ზოლებით იყო გაფორმებული - პაზოლინი "ბოლონიას" გულშემატკივარი გახლდათ. "ნოვეჩენტოს" მაისურზე კი კოსტიუმების მენეჯერმა იზრუნა, რომელმაც სპეციალურად ამ მატჩისთვის, ღია იისფერი მაისურები დაამზადებინა და ზედ ფილმის სათაური ამოტვიფრა.
მატჩს ბერტოლუჩის მეუღლე და პროდუსერი, კლერ პეპლოუ იღებდა, თუმცა კადრები მზის სინათლეზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოვიდა. საფეხბურთო თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ მატჩის ბედი კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა.
რა შუაშია ამ ყველაფერთან კარლო ანჩელოტი?
ყველაფერს მოგიყვებით.
პაზოლინი ფანატი იყო. ამბობდა, ყველაზე დიდი პოეტი სეზონის ბომბარდირიაო, თავად ფეხბურთს კი "ჩვენი დროის უკანასკნელ საკრალურ რიტუალს" უწოდებდა. მისგან განსხვავებით, ბერტოლუჩის ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებდა. იმ დღეს არც უთამაშია, მწვრთნელი ვიქნებიო, თუმცა ამხანაგური მატჩის იდეამ მოხიბლა.
ბერტოლუჩიმ იცოდა, რომ პაზოლინი ფეხბურთს კარგად თამაშობდა. თანაც, 11 კაცს თავი ვერ მოუყარა, რადგან დე ნირომ და დეპარდიემ მატჩში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. ამიტომაც, მატჩამდე 1 დღით ადრე, დახმარებისთვის თავის მეგობარს მიმართა, რომელმაც "პარმას" აკადემიიდან, 15 წლის 2 ბიჭი მოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი კარლო ანჩელოტი იყო.
საქმე მარტივად მოგვარდა - თინეიჯერი ბიჭები ტექნიკურ პერსონალად გააფორმეს, მეორე დილით კი თამაში გახურდა. პაზოლინის "სალო" 2:0-ს იგებდა, თუმცა "ნოვეჩენტოსგან" 5 უპასუხო გოლი მიიღო - ერთ-ერთის ავტორი კარლო ანჩელოტი გახლდათ. მარცხმა პაზოლინი გააბრაზა, მაგრამ მთავარი საქმე გაკეთებული იყო: შერიგება შედგა.
იმავე წლის ნოემბერში, რომთან ახლოს, ოსტიის სანაპიროზე, 53 წლის პაზოლინის ნაცემი, სისხლიანი, დასახიჩრებული, რომელიც მისივე მანქანით, „ალფა რომეოთი“ იყო გასრესილი. მომხდარის დეტალები დღემდე უცნობია. სხვადასხვა თეორიებს თუ დავეყრდნობით, ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა, პოლიტიკურად მოტივირებული აქტი, მაფიის შურისძიება და სხვ.
ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებულმა პაზოლინიმ სიცოცხლე ისე დაამთავრა, რომ მის წინააღმდეგ მოთამაშე, მომავალი დიდი ფეხბურთელისა და ლეგენდარული მწვრთნელის შესახებ არაფერი იცოდა. საერთოდაც, ეს ამბავი 2019 წლამდე არც გახმაურებულა, სანამ ვიდეოკადრებში ვიღაცამ პატარა კარლო ანჩელოტი არ აღმოაჩინა.
"ეს მატჩი რომ დღეს გამართულიყო, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ორი დიდი რეჟისორის თამაშის საყურებლად უამრავი ადამიანი მოვიდოდა, თუმცა მაშინ არაფერი მსგავსი მომხდარა.
მოვიგეთ, ბერტოლუჩი მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა. გვითხრა, რომ გამარჯვებაში ჩვენი წვლილი გადამწყვეტი იყო. თასი ავწიეთ, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ და ჰოსტელში შხაპი მივიღეთ, რომელიც გაყინული იყო", - გაიხსენა ანჩელოტიმ.