პაულო ფონსეკა: "ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს - მანჩესტერის დამარცხება შეგვიძლია"
ევროპა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "სტიაუას" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. პირველი შეხვედრა ფრანგებს 3:1 ჰქონდათ მოგებული, ასე რომ, 2 მატჩის ჯამში, ლიონმა რუმინული კლუბი უმარტივესად ჩამოიშორა.
გიორგი მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა. სწორედ ქართველი გახდა MVP. გიორგის დღეს უდავოდ საუკეთესო თამაში ჰქონდა ლიონის მაისურით. მიქაუტაძემ ანგარიში მე-14 წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა, 2 მეტოქეზე წავიდა, შევიდა საჯარიმოში და მარცხენათი აუღებლად დაარტყა. 37-ე წუთზე ქართველმა უკვე ნუამას გაატანინა და პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მიქაუტაძემ FCSB-ს დუბლი შეუსრულა. ორივე შემთხვევაში, ქართველმა რაიან შერკის გადაცემებით ისარგებლა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ქართველი ისევ 'საქმეში აღმოჩნდა' - მისი გადაცემით ერნესტ ნუამამ მეორედ ისარგებლა.
მატჩის დასრულების შემდეგ, "ლიონის" პორტუგალიელმა თავკაცმა - პაულო ფონსეკამ, მატჩი შეაფასა და მომავალ მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ - გამარჯვებაზე მეტად ის ფაქტია სასიამოვნო, რომ თამაშიდან-თამაშამდე ვამტკიცებთ ჩვენს სიძლიერესა და ძალას.
მარტივად გავედით 1/4-ფინალში, სადაც მრისხანე მეტოქე გვეყოლება - ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, მთავარი კონცენტრაცია ახლა "ლე ავრის" წინააღმდეგ გასამართ მატჩზე მაქვს.
"მანჩესტერის" ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს კარგად ვიცნობ, ისიც პორტუგალიელია და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საკმაოდ დიდი დრო გვაქვს იმისათვის, რომ მათი სათამაშო ტაკტიტიკა და ძლიერი/სუსტი მხარეები შევისწავლოთ.
ჩვენ დღესაც დავამტკიცეთ, რომ დიდი ამბიციების გუნდი ვართ და არავისი არ გვეშინია. ვფიქრობ, შეგვწევს იმის ძალა რომ "მანჩესტერი" დავამარცხოთ და ამ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ." - პაულო ფონსეკა
"ლიონი" "მანჩესტერს" 10 აპრილს უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა კი 17 აპრილს 'ოლდ ტრაფორდზე' გაიმართება.