პარი სენ-ჟერმენმა დონარუმას ფასი დაადო | ფრანგებს მეკარის უფასოდ წასვლის ეშინიათ
პარი სენ-ჟერმენმა ჯანლუიჯი დონარუმას შეძენის მსურველთათვის ფასი დაადგინა - რეალ მადრიდი, ბაიერნი და ინტერი კი მის შეძენას განიხილავენ.
La Repubblica-ს ცნობით, პსჟ-მ დონარუმასთვის 40 მილიონი ევრო (34 მილიონი ფუნტი/46 მილიონი დოლარი) დააწესა. იტალიელი მეკარის კონტრაქტი 2026 წლის ივნისში იწურება. რადგან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ არანაირი წინსვლა არ არის, კლუბი მზადაა, ის ზაფხულში გაყიდოს.
დონარუმას გამორჩეული სეზონი ჰქონდა, თუმცა მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც კი პსჟ-ში გრძელვადიანი მომავლის გარანტიას არ იძლევა. კლუბის მკაცრი სახელფასო პოლიტიკა და დონარუმას მოთხოვნები მოლაპარაკებებს აჩერებს. კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ერთი წელი დარჩა და პარიზიელები მისი უფასოდ დაკარგვის რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ჯიჯის შემცირებული ფასით გაყიდვას, შესაძლოა, დათანხმდნენ.
პარიზში ბედნიერი ვარ და კლუბი გადაწყვეტს, გავახანგრძლივო თუ არა ჩემი კონტრაქტი. ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ პირველი ვარიანტი პარიზში დარჩენაა: ვიპოვე ბალანსი, გუნდს და გულშემატკივრებს ვუყვარვარ და იმედი მაქვს, აქ ბევრ წელს გავატარებ. ახლა აწმყოთი ვტკბები და შესაძლოა, ერთ დღეს იტალიაში დავბრუნდე - განაცხადა დონარუმამ
26 წლის მეკარე ამჟამად იტალიის ნაკრებშია გამოძახებული. მისი კლუბური მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. როგორც ამბობენ, პსჟ, სავარაუდოდ, არ გააუმჯობესებს ამჟამინდელი კონტრაქტის პირობებს, რაც ტოპ კლუბებს კარს გაუხსნის დონარუმას შეძენისთვის რბოლაში.