ორი დიდი ფრანგი ორი წყენით - ყოფილი და მომავალი მწვრთნელების ურთიერთობა
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ეპოქა სრულდება: „მამლების“ სათავეში გატარებული 14 წლის შემდეგ, დიდიე დეშამმა პოსტი დატოვა. L’Équipe-ის ინფორმაციით, თუ რაიმე სენსაცია არ მოხდა, 1-ლი სექტემბრიდან მას სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგება.
გავლენიანი სპორტული გამოცემა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონების ურთიერთობის თავისებურებებზე წერს. უდიდესი ურთიერთპატივისცემის მიუხედავად, ეს ორი ლეგენდა განსაკუთრებული სიახლოვით არასდროს გამოირჩეოდა და უკვე წლებია, საჯარო გამოსვლებში, ერთმანეთის ხსენებასაც კი ერიდება.
დიდიე დეშამმა და ზინედინ ზიდანმა მთელი კარიერა ერთმანეთის კვალდაკვალ გაატარეს, სადაც მათი გზები არაერთხელ გადაიკვეთა. დეშამს საფრანგეთის ნაკრებში უკვე 5 წელი ჰქონდა გატარებული, როდესაც 1994 წლის ზაფხულში გუნდში ზიდანი გამოჩნდა. ის იუვენტუსშიც ორი წლით ადრე ირიცხებოდა, სანამ ევრო 96-ის შემდეგ, 'ბებერ ქალბატონში' ზიზუ ჩავიდოდა.
1996-1999 წლებში, მათ ოთხი სეზონი გაატარეს ერთად ტურინის იუვენტუსში, საფრანგეთის ეროვნულ გუნდში კი მხარდამხარ 55 შეხვედრა ჩაატარეს.
ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს და როდესაც 'France 98'-ის ღონისძიებებზე ხვდებიან, საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვთ - ყოველგვარი ხელოვნურობისა და როლის თამაშის გარეშე - წერს L’Équipe
პირველი ბზარი და საბოლოო განხეთქილება
პირველი უთანხმოება 1998 წლის მუნდიალზე გაჩნდა. საუდის არაბეთთან მატჩში, ზიდანის მიერ მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, დიდიე დეშამმა მთავარი მწვრთნელის, ემე ჟაკეს მსგავსად, თანაგუნდელის ემოციური საქციელი საჯაროდ გააკრიტიკა. მომავალ ათიანს კაპიტნის ეს მედიური განცხადება არ ესიამოვნა, რის გამოც დეშამს მოგვიანებით ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
ნამდვილი განხეთქილება 2012 წელს მოხდა, როდესაც დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლორან ბლანის შემცვლელად დაინიშნა. L’Équipe-ის ცნობით, ზინედინ ზიდანს, 98 წლის ოქროს თაობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, გაუჩნდა განცდა, რომ ყოფილმა კაპიტანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ლორან ბლანს უღალატეს, რადგან დეშამთან ფარული მოლაპარაკებები ბლანის ოფიციალურ წასვლამდე ბევრად ადრე მიმდინარეობდა.
თავად დიდიე დეშამი მოვლენათა ამ ვერსიას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.
Après avoir longtemps joué ensemble, ils seront devenus sélectionneurs l'un après l'autre. Reproches, non-dits et impatience : la relation entre Didier Deschamps et Zinédine Zidane a été parfois complexe. https://t.co/NDBqPvp85S pic.twitter.com/KVNs2fZC8y
— L'Équipe (@lequipe) July 21, 2026