Belive

"ოქროს მატჩის" მონაწილე - ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

თბილისის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი და 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე - ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექნიკური შემტევი, რომელმაც "დინამოს" მაისურით ჩატარებულ 297 შეხვედრაში 108 გოლი გაიტანა, 1937 წლის 24 დეკემბერს, გაგრაში დაიბადა. ბარქაიამ ვარჯიში პირველად გაგრაში, სკოლის საფეხბურთო სექციაში დაიწყო, შემდეგ კი სპორტსკოლაში განაგრძო ვარჯიში.

თბილისის "დინამომდე" იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, ხოლო შემდეგ გაგრის "ბურევესტნიკის" ღირსებას. ვლადიმერ ბარქაია ამ კლუბში აფხაზეთის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფში ითამაშა.

ვლადიმერ ბარქაია თბილისის "დინამოში" 1957-1967 წლებში ასპარეზობდა და დედაქალაქური კლუბის მაისურით ჩატარებულ 297 შეხვედრაში 108 გოლი გაიტანა. ის 1964 წლის 18 ნოემბრის "ოქროს მატჩის" მონაწილე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახლდათ. ვლადიმერ ბარქაია 1959 და 1962 წლებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ითამაშა.

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში 1965 წლის 27 ივნისს შედგა, 1966 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიის წინააღმდეგ, რომელშიც ბარქაიამ 2 გოლის გატანა შეძლო. მან ასევე ითამაშა ამხანაგური მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ, რომლის რიგებში პელე გამოდიოდა.