ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2021/22 წლების სეზონიდან, UEFA-ს ეგიდით გასამართ საკლუბო ტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ იმოქმედებს.
სტუმრად გატანილი გოლის წესი 1965 წლიდან მოქმედებს. ალექსანდრ ჩეფერინის მტკიცებით, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, UEFA-მ აღნიშნული წესის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ჩეფერინი მიიჩნევს, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მისი "სამართლიანობა" ეჭვქვეშ დადგა.
1970-იანი წლების დასაწყისისა და თანამედროვე ფეხბურთის შედარებითი სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ საშინაო და საგარეო მატჩებში მოპოვებულ გამარჯვებებს შორის სხვაობა მკვეთრადაა შემცირებული. პირობითად, 1970-იანი წლების დასაწყისში, მასპინძელი გუნდების გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი 61%-ს შეადგენდა - სტუმარი გუნდები გამარჯვების მოპოვებას ჩატარებული მატჩების მხოლოდ 19%-ში ახერხებდნენ. თანამედროვე ფეხბურთში აღნიშნული კომპონენტი რადიკალურად განსხვავებულია. მასპინძლებმა მატჩების 47%-ში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. ჩატარებული მატჩების 30% სტუმარი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
2020/21 წლების სეზონში, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით "პარი სენ ჟერმენმა" და "პორტომ" იხეირეს. 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტისა" და "აიაქსის" ბარიერები სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობით გადალახა და ფინალის საგზური მოიპოვა.
"1965 წელს სტუმრად გატანილი გოლის წესის წარდგენა მოხდა. აღნიშნულ წესს UEFA-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. რამდენიმე წლის განმავლობაში, არაერთ შეხვედრაზე სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების შესაძლებლობას აქტიურად განვიხილავდით. უამრავი მწვრთნელი, კლუბის მფლობელი, ფეხბურთელი და ფანი ამ წესის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებდა - ამ ადამიანებმა სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების სურვილი ნათლად დააფიქსირეს", - აღნიშნა ალექსანდრ ჩეფერინმა.