onefootball: "მიქაუტაძე ბომბარდირთა ტახტზე - ქართველი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა"
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ევროპული საფეხბურთო გამოცემა onefootball.com-ი საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის პროგრესზე საუბრობს და მის ბომბარდირულ თვისებებს ხაზს უსვამს. სტატია, რომელიც ასე სათაურდება - "გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა რბოლის ტახტზეა" - შემდეგი შინაარსისაა:
"ლიგა 2-ში გატანილი მე-15 გოლით საქართველოს ნაკრების წევრმა ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი დაიკავა.
იუსეფ მაზიზის შემდეგ, რომელიც მარტის თვეში კლუბს ლიდერობდა, გიორგი მიქაუტაძის ჯერი დადგა, რომლის დახმარებითაც "მეცმა" "ლავალთან" გამარჯვება და "ბორდოსთვის" ლიგა 2-ში მეორე პოზიციისთვის დუელში გადასწრება მოახერხა.
მიქაუტაძემ, რომელმაც იმავე კვირაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებთან გოლის გატანა შეძლო, ამჯერად გამარჯვება "მეცს" მოუტანა.
"სერენის" შეტევითი ხაზის ყოფილმა მეფემ ბრწყინვალე დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ამ გოლის შემდეგ, მის მიერ გატანილი გოლების საერთო რაოდენობამ 15 შეადგინა და ამ მხრივ ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. ის ასევე მეორე ადგილს იკავებს საუკეთესო ასისტენტებს შორის 6 საგოლე გადაცემით.
მთლიანობაში, "მეცის" ქართველი ფორვარდი გუნდის მიერ გატანილი 44 გოლიდან 21-ში მონაწილეობდა. ამაზე მეტი პროდუქტიულობა ამ სეზონში "მეცისთვის" არავის მოუტანია.
უახლოესი კონკურენტი "ბორდო" შემდეგ მატჩს ორშაბათს "გენგამთან" სტუმრად ჩაატარებს", - წერს onefootball.com.
რაც შეეხება უშუალოდ გიორგი მიქაუტაძეს, მას ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 16 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, უშუალოდ ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას კი 15 გოლით ლიდერობს.