Belive

ოფიციალურად | ზინჩენკოსთვის სეზონი დასრულდა, მან შესაძლოა 2027 წლამდე ვეღარ ითამაშოს

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და აიაქსის 29 წლის მარცხენა მცვლემა - ალექსანდრ ზინჩენკომ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი მიმდინარე სეზონში მოედანს ვეღარ დაუბრუნდება და მეტიც, შესაძლოა 2027 წლამდე თამაში ვეღარ შეძლოს.

ალექსანდრ ზინჩენკოს სეზონი აიაქსში გადასვლიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში დასრულდა. მან ერედივიზიონის 23-ე ტურში, სადაც აიაქსი სიტარდს უპირისპირდებოდა (4:1), მატჩი ძირითადში პირველად დაიწყო და მეორე წუთზევე უმძიმესი ტრავმა მიიღო.

სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ 29 წლის უკრაინელს გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი ელის. ამსტერდამულმა კლუბმა კი უკვე დაადასტურა, რომ ზინჩენკო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ეს ტრავმა მძიმე ამბავია უკრაინის ნაკრებისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის. უკრაინა პლეი-ოფში შვედეთს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი თამაში დარჩებათ, სადაც მათი მეტოქე პოლონეთისა და ალბანეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.

ასე და ამგვარად, ზინჩენკოს ტრავმა არა მხოლოდ აიაქსისთვის, არამედ უკრაინული ფეხბურთისთვისაც უმძიმესი ფაქტია.

ზინჩენომ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ტრავმას გამოეხმაურა.

"განადგურებული ვარ. ვერ ვიჯერებ, რა მოხდა. საბოლოოდ, მაშინ, როდესაც მოედანზე ისევ ბედნიერი ვიგრძენი თავი, ასეთი რამ დამატყდა...

ამ გამოწვევას ოჯახთან ერთად მივიღებ და უფრო ძლიერი დავბრუნდები..." - ალექსანდრ ზინჩენკო

შეგახსენებთ, რომ 29 წლის უკრაინელი წლების განმავლობაში: მანჩესტერ სიტიში, პსვ-ში. არსენალსა და ნოტინგემ ფორესტში თამაშობდა, სულ რამდენიმე კვირის წინ კი იგი აიაქსში გადავიდა.

სხვა სტატიები