ოფიციალურად | თუ ნაპოლი სერია A-ს მოიგებს, კვარა მედალს ვერ მიიღებს
იტალიის სერია A-ს 2024/25 წლების სეზონი მრავალი გარემოებითაა საინტერესო - საჩემპიონო ბატალიები ბოლო ტურამდეა შემორჩენილი და მხოლოდ 24 მაისს გვეცოდინება, თუ ვინ მოიპოვებს სკუდეტოს - ნაპოლი თუ ინტერი...
ჩემპიონობის ბედი ნეაპოლურ გუნდზეა დამოკიდებული - თუ ნაპოლი შეძლებს და ბოლო ტურში, საკუთარ კედლებში კალიარის დაამარცხებს, ისინი ისტორიაში მეოთხედ შეძლებენ სკუდეტოს მოგებას.
ცნობილი ხდება, რომ ნაპოლის ჩემპიონობის შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია მედალს ვერ მოიგებს, მიუხედავად იმისა, რომ მან პირველი წრე ამ კლუბში სრულად გაატარა.
მიზეზი კი შემდეგია - სერია A-ს რეგლამენტის მიხედვით, მედლებს მხოლოდ ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც თასის აღების მომენტში გუნდის განაცხადში იქნებიან.
სკუდეტოსთვის ბრძოლის პარალელურად, არანაკლები დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრადაა გაჩაღებული. ნაპოლი, ინტერი და ატალანტა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გარანტირებულად ითამაშებენ, თუმცა დარჩენილი მე-4 კვოტისთვის იუვენტუსი, რომა და ლაციო იბრძვიან.
ფინალური ტურის წინ, მომგებიან პოზიციაში ბიანკონერი იმყოფება, რომელიც 67 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. რომა 66 ქულით, მე-5 ადგილზეა, ხოლო მეექვსე ადგილოსან ლაციოს 65 ქულა აქვს. ყველაფერი სერია A-ს დასკვნით ტურში გადაწყდება, მაგრამ არსებობს თეორიული შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მეოთხე გუნდის გამოსავლენად, მონეტის აგდება გახდეს საჭირო.