Belive

ოფიციალურად | ქუინსი პრომესს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და "აიაქსის" ყოფილ ფეხბურთელს - ქუინსი პრომესს, ამსტერდამის სასამართლომ, ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილეობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს ცნობით, სავარაუდოდ, 1000 კილოგრამზე მეტი კოკაინი შევიდა ანტვერპენის პორტში, რომელშიც პრომესს ჰქონდა წამყვანი როლი. როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს თავად პრომესი იქ არ იყო და რუსეთში იმყოფებოდა, სადაც იგი კარიერას აგრძელებს და "მოსკოვის სპარტაკის" ღირსებას იცავს.

პრომესის ხელმძღვანელობით, 2020 წლის იანვარში ორჯერ, სავარაუდოდ, მდინარე ვესტერშელდეს გავლით, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება შეიტანეს ნიდერლანდებსა და ბელგიაში. პირველი პარტია შეიცავდა დაახლოებით 650 კილო კოკაინს.

როგორც ცნობილი ხდება, ქუინსი პრომესი მოსკოვში იმყოფება და ნიდერლანდურმა მხარემ მისი ექსტრადიცია მოითხოვა, თუმცა რუსეთი არ აპირებს ნიდერლანდებისთვის ფეხბურთელის გადაცემას.

მაგრამ საკითხავია, მისცემენ თუ არა პრომესს კარიერის შემდეგაც რუსეთში დარჩენის უფლებას. მეტიც, თუ ფეხბურთელს ციხის თავიდან არიდება სურს, ნიდერლანდებში გამგზავრებას ვეღარ შეძლებს. რადგან როგორც კი ფეხს დადგამს სამშობლოს მიწაზე, მას დაუყონებლივ დააპატიმრებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ქუინსი პრომესს 6-წლიან პატიმრობასთან ერთად 1.5-წლიანი პატიმრობაც დაემატება, რადგან იგი ასევე დამნაშავედ სცნეს თავისი ბიძაშვილის დაჭრის საქმეში.

შეგახსენებთ, რომ ქუინსი პრომესი ერთ დროს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლებოდა. მას "ტვენტეში", "აიაქსში", "სევილიასა" და მოსკოვის "სპარტაკში" უთამაშია.

გარდა ამისა, 32 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 50 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 7-ჯერ გამოიჩინა.

მიმდინარე სეზონში იგი რუსეთის პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "სპარტაკში" თამაშობს და 21 მატჩში მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლი და 8 შესრულებული საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები