Belive

ოფიციალურად | მარსელომ კარიერა დაასრულა

4 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, მარსელომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. პროფესიონალური კარიერის, რომლის განმავლობაშიც მარსელომ სპორტის ამ ულამაზესი სახეობის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა, დასრულების შესახებ, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ოფიციალურად განაცხადა.

საკულტო ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც მადრიდის "რეალის" მაისურით 15 წელი (2007-2022) ითამაშა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარუშლელი კვალი დატოვა. ცნობილი თეთრი მაისურით მარსელომ 546 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 33 გოლითა და 103 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მეტი, ვიდრე უბრალოდ ციფრები. უნარები, ტექნიკური ბრწყინვალება და გასაოცარი შემტევი პოტენციალი - ეს იმ თვისებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მარსელოს დაეხმარა რომ "რეალის" ოქროს ხანის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ყოფილიყო. მადრიდულ გრანდთან ერთად, ბრაზილიელმა 25 თასი მოიგო, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგა, 6 ლალი და მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ტიტული. 2007 წელს, "ფლუმინენსედან" "რეალში" გადასულმა ნიჭიერმა ტალანტმა მალევე შეძლო გულშემატკივრისთვის თავის შეყვარება და რობერტო კარლოსის მემკვიდრეობის ღირსეულად გაგრძელება.

დროთა განმავლობაში მარსელო გახდა მეტი, ვიდრე რიგითი მარცხენა მცველი - ბურთთან ერთად ის იყო ხელოვანი, შემტევი იარაღი და ლიდერი, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. 2021/22 წლების სეზონში, მარსელოს კაპიტნობით "რეალმა" ისტორიაში მე-14 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ ეს აღმოჩნდა უკანასკნელი ტრიუმფი, რის შემდეგაც ბრაზილიელმა სამეფო კლუბი დატოვა.

მშობლიურ კლუბ "ფლუმინენსეში" გატარებული კარიერის უკანასკნელი პერიოდის შემდეგ კი 36 წლის მარსელომ საბოლოოდ გადაწყვიტა ფენომენალური კარიერის დასრულება. მიუხედავად იმისა, რომ მარსელოს დღეები, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის ოფიციალურად დასრულდა - ის ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი.

სხვა სტატიები