ოფიციალურად | ლეონარდო ბონუჩი ფენერბაჰჩეს ფეხბურთელია
იტალიის ეროვნული ნაკრების 36 წლის მცველი - ლეონარდო ბონუჩი "ფენერბაჰჩეში" გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გრანდი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
როგორც კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, მათ შეთანხმებას მიაღწიეს 36 წლის მცველთან და იგი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ბონუჩი ახლა თვითმფრინავში იმყოფება და სტამბოლის მიმართულებით მიემართება, სადაც რამდენიმე საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბის წევრი ოფიციალურად გახდება.
ლეონარდო ბონუჩი 6-თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და თურქულ გრანდში 2024 წლის ივლისამდე ითამაშებს.
ლეონარდო ბონუჩი "ფენერბაჰჩეში" ისეთ ძლიერ და სახელოვან ფეხბურთელებთან ერთად ითამაშებს, როგორებიც არიან: დომინიკ ლივაკოვიჩი, ედინ ჯეკო, ფრედი, მიში ბატჩუაი, ჩენგიზ უნდერი, დუშან დატიჩი და სხვა...
შეგახსენებთ, რომ ბონუჩიმ "იუვენტუსი" 2023 წელს დატოვა და "უნიონ ბერლინს" მიაშურა, სადაც მთავარი მწვრთნელი მას ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდა და ამის გამო იგი კლუბის მესვეურებზე განაწყენდა, რის გამოც კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
ლეგენდარულ იტალიელ მცველს "იუვენტუსის" შემადგენლობაში 502 მატჩი აქვს ჩატარებული, იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი 2010 წლიდან თამაშობდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული იგი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი და შეუცვლელი ფიგურაა. მას ეროვნულ ნაკრებში 121 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 8-ჯერ გამოიჩინა.