ოფიციალურად | ალექსანდრ პავლოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი, 20 წლის - ალექსანდრ პავლოვიჩი, ევროპის ჩემპიონატს ოფიციალურად გამოტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანული გამოცემა "BILD" წერს და აღნიშნავს, რომ ალექსანდრე პავლოვიჩი ტონზილიტის (ანგინის) გამო, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს ვეღარ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ პავლოვიჩი 20 წლის ფეხბურთელია, რომელსაც გერმანიის ნაკრებში პირველად უხმეს და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მას ნაკრების შეკრებაზე უეცარი ავადმყოფობა დაეწყო, რომლის გამოც იძულებული გახდა, რომ შეკრება დაეტოვებინა.
პავლოვიჩი მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილია და პირველ გუნდში სწორედ მიმდინარე სეზონში დაწინაურდა. მან "რეკორდმაისტერების" მაისურით ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი 3 მატჩში ითამაშა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, იგი გერმანიის 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, სადაც 2 მატჩი ჩაატარა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში კი 1 მატჩი ითამაშა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - იულიან ნაგელსმანმა, 20 წლის ნახევარმცველის შემცვლელად ემრე ჩანი გამოიძახა.