Belive

Oasis და ფეხბურთი: სრული ისტორია

4 თვის წინ ფეხბურთი
22 წთ

60-იანი და 90-იანი წლები ინგლისური პოპკულტურის გამორჩეული დეკადებია. ინგლისის ობსესია მუსიკა და ფეხბურთია. 60-იანმა წლებმა მსოფლიოს The Beatles და The Rolling Stones აჩუქა, ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 90-იანებში კი ბრიტპოპი და პრემიერ ლიგა დაიბადნენ.

ამ ორ პერიოდს შორის მკაფიო სხვაობაა.

60-იანი წლების მუსიკა და ფეხბურთი ერთმანეთისგან შორს იყო, თუმცა გარკვეული კავშირებიც შეიძლება გავიხსენოთ. მაგალითად, “ლივერპულის” ყოფილი ცენტრფორვარდი, ალბერტ სტაბინსი, The Beatles-ის ალბომის, Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band-ის ალბომის გარეკანზეა გამოსახული. არსებობს შესანიშნავი ვიდეო, სადაც “ლივერპულის” ქომაგები She Loves You-ს ერთად მღერიან, მეორე მხრივ, ლენონს, მაკარტნის, ჰარისონს და რინგოს ფეხბურთი დიდად არ აინტერესებდათ. ამავე პერიოდში, მიკ ჯაგერი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს რეგულარულად ესწრება, თუმცა მაინც, კრიკეტის მოყვარულად რჩება. The Who-ს ფრონტმენი, როჯერ დოლტრი, “არსენალის” ქომაგი გახლდათ, თუმცა 2006-ში, “ჰაიბერიზე” გამართული ბოლო მატჩის შემდეგ, მის მიერ შესრულებულ Highbury Highs-ს, თითქოს, კონტექსტი აკლდა.

90-იანი წლები განსხვავებული ეპოქა იყო.  შეუძლებელია, ამ პერიოდზე ფიქრისას, ინგლისური ფეხბურთი და New Order-ის მიერ დაწერილი World In Motion (1990 წლის მუნდიალის საუნდტრეკი) ან Lightning Seeds-ის Three Lions (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის საუნდტრეკი) განაცალკეო. ისიც სათმელია, რომ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გამოუშვა ალბომი - სახელწოდებით The Beautiful Game, სადაც ისეთი ბენდებისა და არტისტების სიმღერებს ვხვდებოდით, როგორებიცაა Massive Attack, Blur, Pulp, Jamiroquai, Supergrass და სხვ.

"ნათელია, რომ მანამდე, ფეხბურთი და მუსიკა ერთმანეთთან  ასე ახლოს არასოდეს ყოფილან" - თქვა რიკ ბლესკიმ, რომელიც 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მუსიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. “ორივე მიმართულებით, ინგლისს მდიდარი მემკვიდრეობა გააჩნდა და შესაბამისად, იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საზეიმოდ აღგვენიშნა, მუსიკა უნდა გამოგვეყენებინა".

ცხადია, ეს ნაბიჯი მარკეტინგული თვალსაზრისით გამართლებული იყო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 90-იანები ერთადერთი პერიოდი იყო, როდესაც ეს ნაბიჯი გამართლებული იქნებოდა.

სიტი და გალაჰერები

90-იან წლებში, მუსიკისა და ფეხბურთის ყველაზე მკაფიო კავშირს Oasis ქმნიდა. ლიამ და ნოელ გალაჰერები "მანჩესტერ სიტის" აქტიური ქომაგები იყვნენ. ლიამის და ნოელის ოჯახური კავშირიდან გამომდინარე, მათთვის მუსიკის ჟურნალისტიკაში ყველაზე სტანდარტული კითხვა, “სად შეხვდით ერთმანეთს?”, არ დაუსვამთ. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ლიამმა 1995-ში გასცა, როდესაც ბენდის ბასისტთან, პოლ “გვიგზი” მაკგიგანთან ერთად ინტერვიუს წერდა: “ზუსტად არ მახსოვს, მგონი ფეხბურთს ვთამაშობდით ხოლმე ერთად”, თქვა და დაამატა: “მრგვალი ბურთით”.

საფეხბურთო მოედანზე შეხვდა მაკგიგანი დრამერს, ტონი მაკეროლს, რომელიც მისი თანაგუნდელი იყო. მათ ჯერ ფეხბურთი, შემდეგ კი მუსიკა აერთიანებდათ. ყველაზე საფეხბურთო ტექსტი მათ მუსიკაში Round Are Way-ში გვხვდება (ტექსტი აღწერს სცენას, სადაც პარკში ფეხბურთს თამაშობენ. თამაშს აუცილებლად ეყოლება დამარცხებული და ვინც შემდეგ გოლს გაიტანს, გამარჯვება მას დარჩება).

The game is kicking off in around the park
It’s 25-a-side and before it’s dark
There’s gonna be a loser
And you know the next goal wins.

ქვედა ლიგელი ჯორჯ ბესტი

1995-ში, ერთ-ერთ ინტერვიუში, ნოელი ხსნიდა, თუ რამდენად ამბიციური იყო მისი ტექსტები: “ჩემი სიმღერები არის პენტჰაუსი და არა ერთოთახიანი ბინა საზიარო აბაზანით, ჩემი სიმღერები “მილანია” და არა “ტრენმირ როვერსი”.

1996 წლის ინტერვიუში, საყვარელ ალბომებზე საუბრისას, მოულოდნელად სიტყვა რობინ ფრაიდეიზე ჩამოვარდა - 70-იანი წლების ფორვარდზე, რომელიც "ქვედა ლიგელი ჯორჯ ბესტი" გახლდათ: იყო ნიჭიერი ფეხბურთელი, ძალიან ბევრს სვამდა და მისი კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. "რობინ ფრაიდეი Oasis-ის კუმირია. გაუგეთ მას და გაიგებთ Oasis-ს", - წერდა Select Magazine-ის ინტერვიუერი.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფრაიდეი "ოაზისისთვის", ისიც მოწმობს, რომ მაკგიგანმა მასზე წიგნიც კი დაწერა, რომელსაც “ყველაზე დიდი ფეხბურთელი, რომლის თამაშიც ვერ იხილეთ: რობინ ფრაიდეის ისტორია” ეწოდება. სიღრმისეული წიგნი არ გახლავთ - ძირითადად იმ დროის მატჩების ანგარიშებსა და ოჯახის წევრების მოგონებებს მოიცავს, ბიოგრაფიას ვერ დაარქმევდი.

ფეხბურთელზე წიგნის დაწერა ისეთი რამაა, რასაც როკსტარებისგან არ ელოდები. მაკგიგანი ნამდვილი ფანატი გახლდათ - ფეხბურთი გაცილებით მეტად უყვარდა, ვიდრე გალაჰერებს. “ფეხბურთის ყურება ჩემი დიდი ხნის გატაცებაა. ვუყურებ თამაშებს, ვიდეოებს ფეხბურთის შესახებ, ვკითხულობ საფეხბურთო სტატიებს და ვსაუბრობ ფეხბურთზე”, - თქვა Rolling Stone-თან ინტერვიუში გალაჰერების მსგავსად, “სიტის” ერთგულმა ქომაგმა მაკგიგანმა.

რატომ სიტი?

"ყველა ჩემი ბიძაშვილი იუნაიტედის ფანია”, - თქვა ნოელმა Sky-სთან ინტერვიუში. “რაღაც უცნაური, ფსიქოდელიური მიზეზის გამო, მამამ გადაწყვიტა, პირველად მეინ როუდზე წავეყვანეთ. მადლობა, მამა.“

თუმცა, ერთი წლის შემდეგ, Guardian-სთვის დაწერილ სვეტში, ნოელმა დამატებითი დეტალებიც ახსენა: „მიზეზი, ძირითადად, ოჯახურია: მამაჩემს თავისი ძმები სძულდა. ისინი ირლანდიელები იყვნენ, აქ გადმოვიდნენ და გადაწყვიტეს, იუნაიტედის გულშემატკივრები გამხდარიყვნენ. მამაჩემმა “სიტი” იმიტომ აირჩია, რომ ნერვები მოეშალა მათთვის. სხვა მიზეზი არ ყოფილა. წესით, ლიამი და მე იუნაიტედის გულშემატკივრები უნდა ვყოფილიყავით.“

იმ პერიოდში, NME-ის რედაქტორს თითქოს არ სიამოვნებდა Oasis-ის ხშირი გამოჩენა სიტის მაისურებით. მიაჩნდა, რომ რადგანაც სიტი პრემიერლიგის ბოლო ადგილებზე იბრძოდა, წარმატების გზაზე მყოფ ჯგუფს ეს არ შეეფერებოდა. არადა რთულია, წარმოიდგინო სხვა საფეხბურთო კლუბი, რომელიც 90-იანი წლების “სიტიზე” მეტად Oasis-ს შეესაბამებოდა.

ჯგუფი, რომელიც გარიყულობასა და ქვედა ფენებზე მღეროდა (მაგალითად, სიმღერაში Bring It On Down), ზუსტად იმ დროს გახდა წარუმატებელი კლუბის ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი, როცა მათი მთავარი მეტოქეები ინგლისში დომინირებდნენ.

Oasis-ის ბრიტანეთის უდიდეს ჯგუფად იმ დღიდან იქცა, როდესაც გლაზგოში, ერთ-ერთ კლუბში, მათ გამოსვლას Creation Records-ის ხელმძღვანელი, ალან მაკგი დაესწრო. იმავე თვეში, მანჩესტერ იუნაიტედმა თავისი პირველი პრემიერლიგის ტიტული მოიგო. შემდეგ ზაფხულს გამოვიდა ალბომი Definitely Maybe, იმ დროისთვის კი, “მანჩესტერ იუნაიტედი” როგორც მუსიკალური, ასევე არამუსიკალური ჩარტების სათავეში იყო. 1994-ში, ფერგიუსონის გუნდმა Status Quo-სთან ერთად ჩაწერა სიმღერა Come On You Reds, რომელიც ჩარტებში ორი კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა. მანამდე, ზუსტად ერთი კვირით ადრე, Oasis-მა სადებიუტო სინგლი Supersonic გამოუშვა, რომელმაც მხოლოდ 31-ე ადგილი დაიკავა.

Oasis-ის ფანებით გადაჭედილი მეინ როუდი

Definitely Maybe

თუმცა ეს Oasis-სთვის მხოლოდ დასაწყისი იყო. თანდათანობით, ფეხბურთთან დაკავშირებულმა ელემენტებმა მათ მუსიკალურ ვიდეობში, ფოტოებსა და იდენტობაში იჩინა თავი. ბენდის მეორე სინგლში, სახელწოდებით Shakermaker, ვხვდებით “მანჩესტერ სიტის” ბურთს, ხელმოწერებით. შემდეგ, Oasis-ის წევრები პარკში, ფეხბურთის სათამაშოდ მიდიან, ოღონდ სხვა ბურთით, რათა ხელმოწერიანი ბურთი დაზიანების გარეშე შეენახათ. 

მერე იყო ალბომის ყდა… Definitely Maybe-ის გარეკანზე თვალშისაცემად ჩანდა “სიტის” ლეგენდის, როდნი მარშის ფოტო. უფრო მოულოდნელი იყო “იუნაიტედის” ლეგენდის, ჯორჯ ბესტის ხილვა გარეკანზე. ეს იმის გამო მოხდა, რომ გიტარისტი, ბოუნჰედი, იუნაიტედის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. ფოტოგრაფის, მაიკლ სპენსერ ჯონსის თქმით, „ნოელმა და ლიამმა ნება იმის გამო დართეს, რომ ბესტი თითქოს ფეხბურთის ფარგლებს სცდებოდა".

“იუნაიტედის ფანებს ჯორჯ ბესტი დიდი ფეხბურთელობის გამო უყვართ”, თქვა ნოელმა. “მაგრამ “სიტის” ფანებს იმიტომ უყვართ იგი, რომ ცხოვრებას გასართობად იყენებდა”.

1990-იანი წლების შუა პერიოდში, ნოელმა “მანჩესტერ სიტისთვის” სიმღერის დაწერაზე უარი განაცხადა. „მათ უნდოდათ, ახალი ჰიმნი დამეწერა. იმის მიუხედავად, რომ მათი გულშემატკივარი ვარ, თუ სიმღერა ჩემთვის არ არის, მისთვის სისხლს ვერ დავღვრი”, – თქვა მან. “ეგოისტი ტიპი ვარ და, საერთოდაც, რა გავურითმო “სიტის”?

გიორგი ქინქლაძე

ნოელი ყოველთვის საინტერესოდ და აზრიანად საუბრობდა ფეხბურთზე. როდესაც “სიტიმ” გამაოგნებლად ნიჭიერი ქართველი ფლეიმეიქერი შეიძინა, რომელმაც პრემიერლიგაში არაერთი შთამბეჭდავი გოლი გაიტანა (თუმცა ალან ბოლის ტაქტიკურ სისტემაში ვერ ჩაჯდა), ნოელმა ქინქლაძე ასე შეაფასა: “ქინქლაძე ან ყველაზე საშიში რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს, ან საუკეთესო“. შემდეგ კი დაამატა: ქინქლაძე „ან ევროპის თასს მოგვაგებინებს, ან მეოთხე დივიზიონში დაგვაქვეითებს.“

ეს შეფასება შეიძლება ძალიან გადაჭარბებულად ჟღერდა, მაგრამ სიმართლისგან არც ისე შორს იყო: ორ წელიწადში, სიტი მესამე დივიზიონში დაეშვა, ქართველმა ფეხბურთელმა კი “აიაქსთან” გააფორმა კონტრაქტი - იმ “აიაქსთან”, რომელიც რამდენიმე წლით ადრე ევროპის ჩემპიონი იყო.

სხვათაშორის, ქინქლაძეზე სიტის ფანების შეძახილი Wonderwall-ის მელოდიასა და გადაკეთებულ ტექსტზე იყო აწყობილი და ასე ჟღერდა: „And all the runs that Kinky makes are blinding“ (ქინქის ყოველი გარბენა დამაბრმავებელია), „And after all… we’ve got Alan Ball“ (და ბოლოს, ჩვენ ალან ბოლი გვყავს).

Oasis Vs. Blur

ბრიტპოპის ეპოქა Oasis-ისა და Blur-ის დაპირისპირებასთან ასოცირდება, რაც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც დებატები სტივენ ჯერარდისა თუ ფრენკ ლამპარდის უკეთესი ფეხბურთელობის შესახებ (პოლ სქოულზს Pulp შეესაბამება). და მიუხედავად იმისა, რომ ბენდებს შორის ყოველთვის იყო კონკურენცია (Beatles და Rolling Stones-ის მსგავსად), Oasis-ისა და Blur-ის დაპირისპირებას ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც ფეხბურთთან ახლოს იყო.

ბენდებს შორის დაპირისპირება საფეხბურთო მოედანზეც შედგა. 1996-ში, “მაილ ენდ სთედიუმზე”, პოპულარული ადამიანებისგან დაკომპლექტებული 6-კაციანი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ცხადია, Blur-ის სოლისტის, დეიმონ ოლბარნი და ლიამ გალაჰერი ერთ გუნდში არ თამაშობდნენ და აქვე გეტყვით, რომ მატჩი ოლბარნის გუნდის გამარჯვებით დასრულდა (2:0).

ნოელს არ უთამაშია. იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავს კარგ ცენტრალურ მცველად ახასიათებდა, თქვა, რომ “შოუბიზნესში არავინ მოსწონდა” და ტურნირში მონაწილეობისგან თავი შორს დაიჭირა. არსებობს მტკიცებულება, რომ ლიამი უკეთესი ფეხბურთელია: 90-იან წლებში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, Oasis-ის ფრონტმენს ჩინებული გოლი გააქვს. 

ამავე დროს, ჟურნალ NME-ში გავრცელდა ჭორი, თითქოს Blur და Oasis ერთად იმუშავებდნენ ევრო 96-ის ოფიციალურ სიმღერაზე ერთად იმუშავებდნენ. “ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, მე თუ მკვდარი ვიქნები”, - თქვა გალაჰერმა Hot Press-თან ინტერვიუში და ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელსაც გადასწვდა: „ალბათ, სერ ბერტ მილიჩიპი FA-ს ოფისში რომელიმე ახალბედა თანამშრომელს დაეკითხა, ახლა რომელი ბენდებია მოდაშიო და იფიქრა - მაყუთი დავამატოთ ბიუჯეტსო“. გალაჰერმა უარი თქვა კიდევ ერთ შეთავაზებაზე - Euro 96-ზე, ინგლისისა და გერმანიის ნახევარფინალამდე ეროვნული ჰიმნი რომ შეესრულებინა.

"ინგლისს არ ვგულშემატკივრობ"

ირლანდიური ფესვების გამო, ნოელი ირლანდიას ქომაგობდა. როდესაც 2015 წელს Irish Times-თან ინტერვიუში ჰკითხეს, ინგლისსა და ირლანდიას შორის რომელს აირჩევდა, დაუყოვნებლივ უპასუხა: „ო, ირლანდიის რესპუბლიკა… საერთოდ არ მიმაჩნია თავი ინგლისელად.“ მას განსაკუთრებული სიმპათია “სელტიკის” მიმართაც ჰქონდა. 2000 წელს, “სელტიკი” Vs. “რეინჯერსის” მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე Roll With It ჩაირთო და ამ მომენტს გალაჰერი უწოდებს “ყველაზე გასაოცარს, რაც კი ცხოვრებაში უნახავს”. “სელტიკმა” ანგარიშით 6:2 გაიმარჯვა.

ინგლისელი გულშემატკივრების მიმართ უკმაყოფილება ნოელმა მაშინ დააფიქსირა, როდესაც, 1995 წელს, “ლენსდაუნ როუდზე” ინგლისელებმა არეულობა მოაწყვეს (მატჩში ირლანდიამ ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა). „ირლანდია უემბლიზე სულ რომ 0:6 აგებდეს, ირლანდიელები იტყოდნენ: “მოდი დავლიოთ”. ინგლისელებმა კი, გადაჭარბებული პატრიოტიზმის გამო,  არეულობა მოაწყვეს”, -  თქვა მან. “თანაც, აქ კიდევ ერთი პატარა დეტალია - ინგლისის ნაკრები ახლა საშინელ ფორმაშია. იაპონიას ძლივს 2:1 მოუგეს და მერე ჯიმი ჰილი (ყოფილი ფეხბურთელი და ტელესახე) ამბობდა, უნდა გააცნობიეროთ, რომ იაპონია სუსტი გუნდი აღარ არისო. ბოდვაა. ჩვენ საშინლად ვითამაშეთ და რაც ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს, ისაა, რომ როგორც ერს, შეცდომების აღიარება არ შეგვიძლია".

ფეხბურთი და შემოქმედება

ფეხბურთის გულშემატკივრობის ძალადობრივი მხარე ნოელს ყოველთვის აღიზიანებდა. როცა ლიამი ამსტერდამისკენ მიმავალ ბორანზე ჩხუბის გამო დააპატიმრეს (Oasis-ის პირველ ევროპულ ტურნეზე წასვლისას), ნოელი განრისხდა: „თუ ჩხუბი და დებოში გინდა, მაშინ წადი, “ვესტ ჰემს” უქომაგე, მათ ხულიგნად გადაიქეცი და ჩემს ბენდს მოსცილდი”, - უთხრა მან ლიამს. „ჩვენ მუსიკოსები ვართ და არა ხულიგნები… ბორანზე ჩხუბი როკ-ენ-როლი არ არის, ეგ საფეხბურთო ხულიგნობაა”.

ნოელი ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ ინგლისური ფეხბურთი დროში იყო ჩარჩენილი. ერთხელ თქვა: „არ არის გასაკვირი, რომ ინგლისელ ბიჭებს ქალაქის ცენტრის დალეწვა უნდათ, მაშინ როდესაც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები სულ იმაზე ლაპარაკობენ, თუ როგორ უნდა შეხვიდე ორთაბრძოლაში, იდგე ფეხებზე მყარად და იყო აგრესიული. აი, ფრანგ ფეხბურთელებს ბალეტი უყვართ! მათი გულშემატკივრები პრობლემებს არ ქმნიან, რადგან მათი კუმირები არტისტებივით თამაშობენ და არა ამ ფორმით: “მიდი, ეგ უცხოელები ვერ უძლებენ აგრესიასო”. გაა**ან რა. ისინი სულ სხვა სპორტს თამაშობენ“.

ნოელს ყოველთვის განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა უცხოელი შემოქმედებითი მოთამაშეების მიმართ, რომლებიც ტექნიკით გამოირჩეოდნენ. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნოელი არგენტინას გულშემატკივრობდა, რადგან არიელ ორტეგას თამაშით იყო მოჯადოებული. მოგვიანებით, დაუახლოვდა ალესანდრო დელ პიეროს და 2006 წლის მუნდიალზე, დორტმუნდში, მისი ცოლის გვერდით იჯდა, როცა დელ პიერომ გერმანიას ბრწყინვალე გოლი გაუტანა. საყვარელ ფეხბურთელად დავიდ სილვას ასახელებს. „ჩემთვის, მას შეესაბამება სიტყვა “უზადო“, - თქვა ნოელმა 2024 წელს. „უბრალოდ ბრწყინვალე იყო, მასთან ერთად თამაშს სხვა რიტმი ჰქონდა, თამაშის მიმდინარეობას განსაზღვრავდა. კევინ დე ბრუინე უფრო გამაოგნებელი მოთამაშეა, რადგან უბრალოდ დაუჯერებელ გადაცემებს ასრულებს, მაგრამ დავიდ სილვა უბრალოდ ულამაზესი, ულამაზესი ფეხბურთელი იყო - ასეთი ფეხბურთელი არასოდეს გვყოლია”.

აღსანიშნავია, რომ ლიამმა და ნოელმა დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ პატივი მიაგეს მის ხსოვნას. „ნამდვილი როკ-ენ-როლი ფეხბურთში, მასთან ახლოსაც კი ვერავინ მივა,“ — დაწერა ლიამმა ტვიტერში და ტექსტს მარადონასთან ერთად გადაღებული ფოტოც დაურთო. ნოელის ტვიტი უფრო ლაკონიური იყო: “ბუენოს აირესი, 1997. მარადონა ლეგენდა იყო. მაშინ შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი”.

Oasis-ის დაშლის შემდეგ

ალბათ, „მანჩესტერ სიტისადმი“ ძმები გალაჰერების სიყვარულმა კიდევ უფრო საჯარო სახე ბენდის პაუზის პერიოდში მიიღო. 2010/11 წლების თასის წილისყრა ნოელმა ჯგუფ Kasabian-ის სერჯ პიცორნოსთან ერთად ჩაატარა, რომელიც „ლესტერ სიტის“ გულშემატკივარია. სანამ დაიწყებდნენ, ხუმრობით თქვეს, იქნებ ჩვენი გუნდები შეგვხვდესო და მართლაც ასე მოხდა: პიცორნომ „ლესტერი“ ამოიღო, ნოელმა კი - „სიტი“. იმის შანსი, რომ ზუსტად ასე დაემთხვეოდათ, 1%-ზე ნაკლები იყო.

ბრიტანულ მედიაში, საფეხბურთო თემების გაშუქებაში ცნობილი ფანები მონაწილეობას იშვიათად იღებენ, თუმცა ნოელი გამონაკლისი გახლდათ. 2011 წელს, ნოელმა მარიო ბალოტელისთან ინტერვიუ ჩაწერა (იმ დროს, როდესაც მედიაში იტალიელთან ვერავინ იღებდა ინტერვიუს), ხოლო 2017-ში კი, „მანჩესტერის დერბის“ დროს, Sky Sports-ის ეთერში, მატჩის მიმდინარეობას ექსპერტებთან ერთად განიხილავდა. ნოელს ასევე ჰქონდა პატივი, ჩაეწერა პეპ გვარდიოლასთან პირველი ინტერვიუ მას შემდეგ, რაც ესპანელი „სიტის“ მწვრთნელი გახდა. უფრო მეტიც, TNT Sports-ზე კომენტატორადაც იმუშავა, რაც უკვე მეტისმეტი იყო.

მოულოდნელი გახლდათ ერიკ კანტონას გამოჩენა ლიამის 2019 წელს გამოსული სინგლის, Once-ის ვიდეოკლიპში. ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი კლიპის მთავარი მონაწილეა და ვიდეოში პრაქტიკულად არაფერი ხდება იმის გარდა, რომ კანტონა მამულში მეფის გვირგვინით დადის, ღვინოს სვამს და ლიამის სიმღერას პირს აყოლებს.

ლიამის თქმით, კანტონამ ნებისმიერი ტიპის ანაზღაურებაზე, მათ შორის მოგზაურობისა და საცხოვრებლის ხარჯების დაფარვაზეც უარი განაცხადა. „იუნაიტედისა“ და „სიტის“ კავშირის გათვალისწინებით, ეს მოულოდნელი ტანდემი გახლდათ, თუმცა ზუსტად ისე, როგორც ჯორჯ ბესტმა Definitely Maybe-ს ალბომის ყდაზე, კანტონას პერსონაც გასცდა როგორც „იუნაიტედის“, ასევე ფეხბურთის საზღვრებს.

იმ პერიოდშიც კი, როცა ლიამი და ნოელი ერთმანეთს საერთოდ არ ესაუბრებოდნენ, ერთადერთი რამ, რაც მათ აახლოებდათ, ფეხბურთი იყო. 2016 წელს ორივე აცხადებდა, რომ ერთი შემთხვევი გარდა, მათ 2009 წლის დაშორების შემდეგ კონტაქტი არ ჰქონიათ. „მგონი, ეს 2013 ან 2014 წლის ფეხბურთის მატჩი იყო”, - თქვა ლიამმა Radio X-თან ინტერვიუში, როცა ჰკითხეს, როდის იყვნენ ბოლოს ერთად. „სიტი" თამაშობდა. ნოელი ერთ მხარეს იჯდა, მე - მეორე მხარეს. მივედი მის სანახავად, ვუჩქმიტე და ყურზე ვაკოცე. მგონი არც გვილაპარაკია”.


ბოლო წლებში, ლიამი "სიტის" ისე გულმხურვალედ აღარ ქომაგობს. 2020 წელს, NME-სთან საუბრისას თქვა: “აღარ დავდივარ თამაშებზე. ეტიჰადი არ მომწონს, არ მიზიდავს. მანდ მისვლა ოპერაში ყოფნას ჰგავს”.

ნოელს სხვა დამოკიდებულება აქვს. 2019 წლის პრემიერ ლიგის ტიტულის მოგების შემდეგ, „სიტის“ გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებთან ერთად Wonderwall“ შეასრულა. ოთხი წლის შემდეგ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “სიტიმ” “ინტერი” დაამარცხა, „სიტის“ ფეხბურთელებმა იგივე სიმღერა გასახდელში ისევ იმღერეს. სამწუხაროდ, სიმღერის დროს ქინქლაძეს აღარ ახსენებდნენ.

„სიტის“ შემდეგმა მატჩმა „ინტერის“ წინააღმდეგ, გუნდი "ოაზისთან“ კიდევ ერთხელ დააკავშირა: Puma-სა და ნოელ გალაჰერის თანამშრომლობით შექმნილ ფორმას ალბომის, Definitely Maybe-ს ყდის გავლენა ჰქონდა. "სიტის" მაისურის დიზაინზე ყურადღება ალბათ ცოტამ თუ გაამახვილა, თუმცა საინტერესო წრე კი შეიკრა: ერთ დროს, "ოაზისის" ალბომის ყდაზე "სიტის" ფეხბურთელი იყო გამოსახული, ახლა კი, „სიტის“ ფორმა, "ოაზისის" იმავე ალბომით გახლდათ ინსპირირებული.

„ოაზისის“ დასასრული თითქმის იდეალურად დაემთხვა „სიტის“ აღზევებას. ბენდის აღდგენამდე, Oasis-მა ბოლო კონცერტი 2009 წლის 22 აგვისტოს გაიმართა - ზუსტად იმავე დღეს „სიტიმ“ იმ სეზონის პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა. ეს იყო პირველი სრული სეზონი ახალი მფლობელების ხელში, რომელიც გუნდმა მეხუთე ადგილით დაასრულა (მაშინ “სიტისთვის” ეს საუკეთესო შედეგს წარმოადგენდა).

ბოლო ტურნეში, Oasis-მა “უემბლის სტადიონზე” 3 კონცერტი გამართა. 2009 წლის ზაფხულიდან 2025 წლის ზაფხულამდე, “სიტიმ” “უემბლიზე” 31-ჯერ ითამაშა: 10 FA-ის თასის ნახევარფინალი, 6 FA-ის თასის ფინალი, 6 ლიგის თასის ფინალი, 7 სუპერთასის ფინალი და 2 პრემიერ ლიგის მატჩი (როდესაც “ტოტენჰემი” “უემბლის” საშინაო მოედნად იყენებდა). როგორი მკაფიო განსხვავებაა 1995 წლის მდგომარეობასთან შედარებით, როდესაც გალაჰერმა თქვა: "იმედი მაქვს, ჩემს სიცოცხლეში სიტი რამეს მოიგებს, თუმცა ამაზე ფულს არ დავდებდი".

ამ ზაფხულში, Oasis “უემბლიზე” შვიდ კონცერტს გამართავს. საფეხბურთო მოედანი და როკ კონცერტი თითქოს ორი განსხვავებული მოცემულობაა, თუმცა გასული 3 ათწლეულის განმავლობაში, Oasis და ფეხბურთი, მუსიკისა და სპორტის ინდუსტრიაში ყველაზე უფრო ბუნებრივ კომბინაციას წარმოადგენდა.

მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით

სხვა სტატიები