ნუნო მენდეში: "მიხარია, რომ იამალის განეიტრალება შევძელი"
უეფას ერთა ლიგის ფინალის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ესპანეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში (5:3) დაამარცხეს და ერთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.
საოცარი მატჩი ჰქონდა პორტუგალიელ მარცხენა მცველ - ნუნო მენდეშს, რომელმაც ფინალში გოლის გატანა შეძლო და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს, ლამინე იამალს საოცრად ეთამაშა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მან 17 წლის ფეხბურთელი ძალიან დაჩაგრა - ამ აზრს ის სტატისტიკაც ამყარებს, რომ იამალმა პორტუგალიასთან მატჩის მიმდინარეობისას, სათამაშო პოზიცია 22-ჯერ დაკარგა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნუნო მენდეშმა მედიასთან ისაუბრა.
„ეს იყო ისეთივე მნიშვნელოვანი შეჯიბრი, როგორიც სეზონის განმავლობაში ბევრი სხვა. მე შევხვდი შესანიშნავ მოთამაშეებს ტექნიკური უნარებით, რომლებსაც შეუძლიათ თამაშში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა.
დღეს მოვახერხე იამალის განეიტრალება და მოხარული ვარ, რომ გუნდს ამ თასის მოგებაში დავეხმარე.
ამ სეზონში ბევრი კარგი თამაში ჩავატარე და მიხარია, რომ კარგი სეზონი გამომივიდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ რას ვაკეთებ ინდივიდუალურად, ჩემს კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან ერთად.
ჩვენ ძალიან გვიხარია რონალდუმ რომ კიდევ ერთი ტიტული მოიგო. ის გვეხმარება მოედანზე და მის გარეთ - ბევრ რჩევას გვაძლევს. მას შესანიშნავი დამოკიდებულება და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია.“ - ნუნო მენდეში
ასე და ამგვარად, ნუნო მენდეშს საოცარი სეზონი გამოსდის. მან საკლუბო სეზონში პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და ჩემპიონატი მოიგო, მისი ტრიუმფი კი ნაკრებში გაგრძელდა და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.