Belive

ნოდარ ქავთარაძე: "ინდივიდუალური შედეგები მახარებს, მაგრამ მთავარი მიზანი ჩემპიონობაა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული შეხვედრა საბოლოოდ 23 ოქტომბერს გაიმართა. თბილისურ დერბიში "დინამომ" - "საბურთალოს" 3:1 აჯობა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე გახდა, რომელიც ჩისკო მუნიოსმა ნომინალური თავდამსხმელის პოზიციაზე განამწესა და შედეგად, ქავთარაძემ დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და 11-მეტრიანიც მოიპოვა. 28 წლის შემტევს მატჩის შემდეგ Live.ge ესაუბრა და როგორც "საბურთალოსთან" მოგებული შეხვედრის, ისე სატურნირო მდგომარეობის შესახებ ჰკითხა. სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გქონდა. როგორ შეაფასებ "საბურთალოსთან" შეხვედრას როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური კუთხით?  ინდივიდუალური წარმატება ძალიან მახარებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაა. ჩვენმა გუნდმა "საბურთალოსთან" მატჩისთვის ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და შედეგიც სახეზეა. გამიმართლა, რომ გოლების გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოვახერხე და ამით ბედნიერი ვარ. მთლიანობაში, კარგი შეხვედრა გამოვიდა, რომელიც სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ეროვნულ ლიგაში თვეზე მეტ ხანს არ გითამაშიათ - როგორ ფიზიკურ და სპორტულ ფორმაშია გუნდი? მას მერე რაც მოედანზე არ გავსულვართ, თითქმის ერთი თვე გავიდა და ფეხბურთის თამაში ძალიან მოგვენატრა. მართალია არ ვთამაშობდით, მაგრამ ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდით და ახალ ფეხბურთელებთანაც უკეთ შევთამაშდით.
ევროსარბიელზე მძიმე მარცხის შემდეგ, როგორია გუნდში ფსიქოლოგიური განწყობა? საბოლოო ჯამში, "კლაკსვიკთან" შეხვედრას ვერ დავიწყებთ, ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ყველა ჩვენგანმა ძალიან მტკივნეულად მიიღო. თუმცა, ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველოს ჩემპიონატზე გადმოვერთოთ და წნეხი დავძლიოთ. პირველი ნაბიჯი ამ სიტუაციის გამოსწორებისთვის იქნება ის, რომ ჩვენ ჩემპიონები გავხდეთ და მოპოვებული ტიტული დავიცვათ. სამწუხაროა, რომ ქვეყნის თასს გამოვეთიშეთ, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. შემოდგომაზე გუნდში ახალწვეულები მოვიდნენ. მათ შორის დავით სხირტლაძე, რომელიც წლების განმავლობაში საზღვრებს გარეთ თამაშობდა. როგორ ფიქრობ, რამდენად გაძლიერდა გუნდი? რა თქმა უნდა, ჯანსაღი კონკურენცია ძალიან კარგია, ამით თითოეული ფეხბურთელის მოტივაცია იზრდება. რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, როცა ერთმანეთში ვითამაშეთ მისი სათამაშო უნარ-ჩვევები ძალიან მომეწონა. ევროპაში რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა, აქვს სანაკრებო გამოცდილებაც და ეტყობა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია და ვთვლი, ჩვენი გუნდის საჩემპიონო მიზნებისთვის ის დიდი შენამატი იქნება და ძალიან დაგვეხმარება. წინ ჩემპიონატის დასკვნითი ფაზაა. როგორც აღნიშნე, "დინამოს" მიზანი ტიტულის დაცვა იქნება. რომელ გუნდს მოიაზრებ ამ საქმეში მთავარ კონკურენტად?  ამ ფორმატიდან და კალენდრის სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ჩემპიონობის შანსი თითქმის ხუთ გუნდს აქვს. მთავარ კონკურენტად "დინამო ბათუმს" განვიხილავ. კარგი შანსი ექნება "ლოკომოტივსაც". ჩვენი და "ლოკომოტივის" დაპირისპირება ბევრ რამეს გაარკვევს. გუნდების სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს.

სხვა სტატიები