ნიკო პასი: "მესისთან ერთად მუნდიალზე თამაშით ჩემს ყველა ოცნებას ავიხდენ"
21 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა - ნიკო პასმა, 2026 წლის მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, თანაც მესისთან ერთად, მისი ყველაზე დიდი და ბავშვობის ოცნება იყო.
"არგენტინის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე თამაში, მთელი ჩემი ბავშვობის ოცნებაა, თანაც მაშინ, როდესაც საქმე მესისთან ერთად ასპარეზობას ეხება.
ბავშვობიდან ერთადერთი ოცნება მქონდა, რომ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა და დიდი მიზნებისთვის მებრძოლა, ახლა ეს ყველაფერი რეალური იქნება.
როდესაც მესიმ პირველ მუნდიალზე ითამაშა (2006) მე ერთი წლის ვიყავი, 20 წლის შემდეგ კი, ჩვენ ერთად ვითამაშებთ...
მიზანი რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა, დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ..." - ნიკო პასი
21 წლის არგენტინელ ფეხბურთელს საოცარი სეზონი ჰქონდა. მან ყველა შეჯიბრზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა, სადაც 13 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, თუმცა მხოლოდ სტატისტიკა არ ასახავს მის ბრწყინვალებას.
პასი კომოს ლიდერი იყო და მიმდინარე სეზონის სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. მისმა საოცარმა თამაშმა კომოს ისტორიული ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუპოვა.
რაც შეეხება სანაკრებო გამოცდილებას, მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2024 წელს შედგა, მას შემდეგ კი 8 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა შეძლო. ნიკო პასი 'ალბისელესტესთან' ერთად დიდ შეჯიბრზე პირველად ითამაშებს.