Belive

ნიკა სანდოხაძემ პატუმ იუნაიტედი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

32 წლის ქართველმა მცველმა - ნიკა სანდოხაძემ ტაილანდურ პატუმ იუნაიტედში გატარებული ორწლიანი წარმატებული პერიოდი დაასრულა და კლუბი დატოვა.

გამოცდილმა მცველმა აზიურ გუნდში ყველა ტურნირზე ერთად 51 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა - ცენტრალური მცველისთვის ეს საკმაოდ ეფექტური სტატისტიკაა.

აზიური კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელმა განვლილი პერიოდი და გამოცდილება შეაფასა.

„ძალიან საინტერესო და კარგი 2 სეზონი გავატარე პატუმში, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე - მათ შორის მომიწია აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაც, სადაც არაერთ ძლიერ მეტოქესა და ცნობილ ფეხბურთელს დავუპირისპირდი.

ვფიქრობ, აქ გატარებული ბოლო სეზონი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ახლა თავისუფალი აგენტი ვარ და ახალ შემოთავაზებებს განვიხილავ." - ნიკა სანდოხაძე

სანდოხაძეს საკმაოდ მდიდარი და ტიტულოვანი კარიერა აქვს. თავის დროზე იგი საქართველოს U17, U19 და U21 ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობდა, საკლუბო დონეზე კი დინამო თბილისის, ქუთაისის ტორპედოს, ლოკომოტივის, სამტრედიისა და იბერიას ღირსებას იცავდა. იგი ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ უკრაინულ კარპატსა და ლატვიურ RFS-ში თამაშობდა.

32 წლის ქართველი მცველი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (სამტრედიასა და დინამოში), ორჯერ აღმართა საქართველოს თასი (იბერიასა და ტორპედოში) და ასევე 2-ჯერ მოიგო საქართველოს სუპერთასი (სამტრედიასა და ქუთაისის ტორპედოში). ასევე აღსანიშნავია, რომ იგი 2024 წლის ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

სხვა სტატიები