Belive

ნიდერლანდები - საქართველო: მატჩზე სლოვენიელი და ალბანელი მსაჯების გუნდი იმუშავებს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, დასკვნით, მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს და პლეი-ოფში, თანაც პირველი ადგილით გასვლას შეეცდება.

ცნობილია, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე სლოვენიელი და ალბანელი მსაჯებისგან დაკომპლექტებული გუნდი იმუშავებს, რომელსაც რადე ობრანოვიჩი უხელმძღვანელებს. გვერდითი მსაჯები გრეგა კორდეჟი და ალექსანდარ კაშაპოვიჩი იქნებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი ჯუჩინ ჯაჩა იქნება.

რაც შეეხება მთავარ არბიტრს, ის 32 წლის მსაჯია და მაღალი დონის ტურნირებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. უეფას ევროპის კონფერენს ლიგის, ევროპა ლიგისა და ერთა ლიგის მატჩებზე დაგროვილი გამოცდილების გარდა, ობრანოვიჩი სლოვენიის ჩემპიონატის შეხვედრებზე 2014 წლიდან მუშაობს.

რადე ობრანოვიჩს ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. ეს 2019 წელს მოხდა, როცა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურასა" და შოტლანდიური "აბერდინის" მატჩი განსაჯა. იმ მატჩში ბრიტანელებმა დიდი ანგარიშით - 5:0 იმარჯვეს. ობრანოვიჩმა მატჩში 2 ყვითელი ბარათი გამოიყენა და ორივე მათგანი ქართველ ფეხბურთელებს, ცენტრალურ მცველებს, ოლეგ მამასახლისს და დავით მაისაშვილს უჩვენა.

A ჯგუფში ჩატარებული 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ამ მატჩში სულ მცირე 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში კი ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.

საქართველოსა და ნიდერლანდების U21 ნაკრებების დაპირისპირება 27 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები