Belive

ნემსაძის წითელი ბარათი, U21 ნაკრების ფორვარდის სადებიუტო გოლი - ელიგის ახალი სეზონი საინტერესოდ დაიწყო

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი "დინამო არენაზე", საქართველოს მოქმედი ჩემპიონის "დინამო თბილისისა" და 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული წყალტუბოს "სამგურალის" დაპირისპირებით დაიწყო. ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველი გოლის გამტანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე გახდა, რომლისთვისაც ეს ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში პირველი მატჩი და სადებიუტო გოლი გახლდათ. 21 წლის ფეხბურთელმა ანგარიში შეხვედრის 30-ე წუთზე, გიორგი მჭედლიშვილის გადაცემის შემდეგ გახსნა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა დათმო და ინიციატივა ხელთ მასპინძლებმა იგდეს. მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში, ბურთზე კონტროლი თბილისელებმა დააწესეს და მეტოქის კარზე, სახიფათო იერიშების მიტანა სცადეს. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანილიც დაესწრო.
გიორგი ნემსაძის შეგირდებს წონასწორობის აღდგენა რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა ამაში ხელი მათ მეტოქის გამოცდილმა მეკარემ, მაქსიმე ქვილითაიამ შეუშალა, რომელიც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. საბოლოოდ, ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა კლუბმა მიზანს 71-ე წუთზე მიაღწია, როცა მოედანზე შემოსულმა "დინამოს" აკადემიის აღზრდილმა, 17 წლის ლუკა გაგნიძემ საჯარიმოში მაღალი ბურთი დაკიდა, რომელზეც ზუსტად გამოცდილმა თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდმა მიიღო, თუმცა ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ნემსაძის გაძევება იყო, რომელმაც 2 ყვითელი ბარათი მიიღო და ტრიბუნაზე გადაინაცვლა, შემდეგ მატჩში ის თავის გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ვერ გაამხნევებს. შედეგად, 18 წლის შემდეგ, იმერულმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში პირველი ქულა მოიპოვა, მოქმედი ჩემპიონი კი 3 ქულის მოპოვებას უკვე შემდეგ ტურში გასამართ ქართულ დერბიში შეეცდება - 5 მარტს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, "ტორპედო" "დინამოს" უმასპინძლებს. რაც შეეხება "სამგურალს", წყალტუბოელები, 6 მარტს, ზესტაფონში, "საბურთალოს" მიიღებენ. "დინამო თბილისი": კვასხვაძე - პაპავა (კ), ბენიო, ხვადაგიანი - სპორკსლეიდი, რადინი (კასტრო, 66), მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი, 79), იაშვილი (გაგნიძე, 66), კუცია (ქარდავა, 57) - გაბედავა, მარუშიჩი (3-5-2). მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე. "სამგურალი": ქვილითაია - მჭედლიშვილი, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, კალანდარიშვილი (კიკაბიძე, 76) - კირკიტაძე (ახვლედიანი, 76), ფონიავა, ტურე (ბუხაიძე, 90+5), ლექვთაძე (ჩიხლაძე, 68) - კუხიანიძე (5-4-1). მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი. გოლები: 0:1 სერგო კუხიანიძე (30), 1:1 გიორგი გაბედავა (71). გაფრთხილება: ლევან ქურდაძე (39), ფაბიან სპორკსლეიდი (84), ლუკა გაგნიძე (87). ფოტო: ეროვნული ლიგა.

სხვა სტატიები