ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც ხვიჩა დაარქვეს
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც სახელად ხვიჩა დაარქვეს.
როგორც ირკვევა, "ნაპოლის" გულშემატკივრების წყვილს 31 მარტს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც სახელად დანიელე-ხვიჩა დაარქვეს.
საინტერესოა, რომ ახალშობილის მამას "ნაპოლის" ისტორიაში უდიდესი ფიგურის, დიეგო არმანდო მარადონას საპატივსაცემოდ, არმანდო ჰქვია.
"გავრცელებული ინფორმაცია მართალია. ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ მივიღეთ, რაც წლევანდელ სეზონში მოხდა. ჩვენი შვილის სრულფასოვანი სახელი არის დანიელე - ხვიჩა.
მე ვარ "ნაპოლის" დიდი გულშემატკივარი და როგორც ჩემი სახელიდან ხედავთ მამაჩემიც ასე იყო. მე დავიბადე 1986 წელს და ჩემმა მშობლებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
დიახ, ეს აბსოლუტურად ორმხრივი გადაწყვეტილებაა და ჩემი პარტნიორიც მეთანხმებოდა. ვფიქრობ, რომ არ გვეცხოვრა ასე, ასეთ შესანიშნავ ფეხბურთელთან ერთად, მას მხოლოდ დანიელეს დავარქმევდით", - თქვა ახალშობილის მამამ.
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე გადავიდა და კლუბის გულშემატკივრებისა და ნეაპოლის მცხოვრებლებისთვის არასრულ ერთ სეზონში გმირად იქცა. მის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გატანილი გოლი, 14 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტია.