ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი: "კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზია"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ქართველი სასიამოვნო სიურპრიზია. იმის ფონზეც კი, რომ ჯერ მხოლოდ აგვისტოა და სეზონისწინა საფეხბურთო მოცემულობის წინაშე ვართ, როცა მწვრთნელებს საბოლოო გადაწყვეტილებები არ აქვთ მიღებული, მაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ კვარაცხელია უდიდესი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც "ნაპოლისთვის" ძალიან საინტერესო პერსპექტივა უნდა გამოდგეს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ გააგრძელებს იმის გაკეთებას, რაც მან აქამდე შემოგვთავაზა, ის კიდევ ერთი იარაღი იქნება სპალეტისთვის", - თქვა ანდრეა აგოსტინელიმ.65 წლის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად მალტის ჩემპიონატის წარმომადგენელ "გუდია იუნაიტედს" (ამ გუნდის შემადგენლობაში ნიკა ძალამიძე ირიცხება) თავკაცობს, "ნაპოლის" 2003 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე მეთაურობდა და გუნდი მოედანზე 14 შეხვედრაში გაიყვანა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერს, მან “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, 6 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (საერთო ჯამში 227 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. შემდეგ შეხვედრას 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ს პირველ ტურში, 15 აგვისტოს გამართავს და “ვერონას” სტუმრად დაუპირისპირდება.