Belive

ნაპოლის მწვრთნელი: ,,კვარაცხელიამ დღეს აჩვენა, რა შეუძლია''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, ,,სასუოლოსთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ოსიმენი კონდიციებს იღდგენს, აფრიკის ერთა თასის შემდეგ ეს მარტივი არ ყოფილა... კვარაცხელიაც ნელ-ნელა უბრუნდება თავის დონეს და დღეს აჩვენა, რა შეუძლია.

ოსიმენსა და კვარას წინა მწვრთნელების დროს სირთულეები ჰქონდათ? ეს სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული, მაგრამ მათ წინააღმდეგობა არასდროს გამოუხატავთ, უბრალოდ, თავდახრილნი მუშაობდნენ. გიჟი ნამდვილად არ ვარ და ასეთი ფეხბურთელების გარეშე თამაშს არ ვაპირებ, მაგრამ როცა ისინი ტემპს კარგავენ, რაღაც უნდა შევცვალო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერჯერობით ცვლილებებმა გაამართლა.

პირველივე ვარჯიშიდან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა, გამიკვირდა კიდეც, როგორ სურდათ ფეხბურთელებს ერთად მუშაობა და ამან იმედი მომცა. უკვე ერთი კვირაა, რაც ერთად ვმუშაობთ და პროგრესი სახეზეა. ეს ბიჭების დამსახურებაა, რადგან მათ ნამდვილად სურთ არსებული სიტუაციის გაუმჯობესება. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ და ვნახოთ, სად ვიქნებით სეზონის ბოლოს.

გვინდა, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივრები გავახაროთ, რადგან ბევრმა მათგანმა დღეს ჩვენს სანახავად იმოგზაურა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ასეთი ქომაგობა ჩვენთვის დამატებითი იარაღია.'' - ფრანჩესკო კალცონა

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში (გადადებული მატჩი) ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლო'' სტუმრად 6:1 დაამარცხა.

26 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 40 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზე არიან.

ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო მატჩს 3 მარტს ტურინის ,,იუვენტუსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები