Belive

ნაპოლის დაღმასვლა - რუდი გარსია, ლაურენტისი, სხვ.

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

"ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - სერია A-ს მოქმედ ჩემპიონს ვალტერ მაცარი ჩაიბარებს. სანამ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ ხელმძღვანელზე ვისაუბრებთ, უახლოეს წარსულს გადავავლოთ თვალი. თითქოს, ყველამ იცოდა, რომ ლუჩანო სპალეტის რუდი გარსიათი ჩანაცვლება კატასტროფული იდეა იყო. მოლოდინი რეალობა აღმოჩნდა.

"სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" გასამართი მატჩის დაწყებამდე ("ნაპოლი" Vs. "ემპოლი"), სტვენა და შეურაცხმყოფელი შეძახილები ნეაპოლში უკვე ისმოდა. გულშემატკივრებმა წინასწარ შეიტყვეს, რომ რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიასა და პიოტრ ჟელინსკის ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებდა. ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებამ "ნაპოლის" ემოციური ქომაგის რისხვა გამოიწვია.

პირველი 45 წუთის შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისი "ნაპოლის" თამაშით იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ შესვენებაზე გასული გუნდის გასახდელში შევიდა და გარსიასა და ფეხბურთელებს პირადად გაესაუბრა - მიმდინარე სეზონში, ეს პირველად არ მომხდარა.

კვარაცხელია და ჟელინსკი - გასული სეზონის ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედი ფეხბურთელები "ემპოლისთან" მატჩში მალევე ჩაერთვნენ. ქართველ შემტევს გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა 89-ე წუთზე, ეტრიტ ბერიშამ მისი მარცხენა ფეხიდან დარტყმული ბურთი სასწაულებრივ აიღო.

მალევე, ამ ეპიზოდს ვიქტორ კოვალენკოს ბრწყინვალე გოლი მოჰყვა - ოღონდ "ემპოლის" მხრიდან. "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა, რის შედეგადაც, ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერ "ინტერს" კი 10 ქულით ჩამორჩა.

რუდი გარსიას გაშვება გარდაუვალი გახდა. ორშაბათს, ფრანგი სპეციალისტი ნიცაში გაფრინდა და ნეაპოლში მხოლოდ საკუთარი ნივთების წასაღებად თუ დაბრუნდება. გარსიამ გუნდი ივნისში ჩაიბარა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, თავიდანვე ჩანდა, რომ ლუჩანო სპალეტის ღირსეულად ვერ ჩაანაცვლებდა - ისიც საკვირველია, აქამდე მოსვლა რომ შეძლო.

როგორ მოხდა ასე სწრაფად ეს ყველაფერი? თანაც ხომ იმ გუნდზეა საუბარი, რომლის სანახაობრივი ფეხბურთიც, გასულ სეზონში, მთელ ევროპას აღაფრთოვანებდა?

"ახალი ერა სპალეტისთან ერთად"

4 მაისს, როდესაც "ნაპოლიმ" "უდინეზესთან" ნათამაშები ფრის შედეგად ჩემპიონობა გაინაღდა, სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას გუნდის პრეზიდენტმა მიმართა.

"ეს პროექტი არასოდეს დასრულდება. ჩემთვის, ეს არის რაღაც ახლის დასაწყისი. მომავალ სეზონში, სპალეტისთან ერთად ვითამაშებთ", - თქვა ლაურენტისმა. მომდევნო დღეს, დე ლაურენტისმა მედიასთან განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდებოდა.

სპალეტი არის ადამიანი, რომლის გუნდში მოყვანაც წლების განმავლობაში მსურდა და საბოლოოდ, ეს შევძელი კიდეც. სპალეტიმ ევროპულ სარბიელზე დაგვაბრუნა და მსურს, რომ მასთან ერთად ახალი ერა შევქმნა, ის დიდი ლიდერია. - დე ლაურენტისის სიტყვები RAI 1-თან საუბრისას.

თავის მხრივ, სპალეტი სულაც არ იყო კმაყოფილი იმ ფაქტით, რომ კონტრაქტი მასთან შეუთანხმებლად უნდა გახანგრძლივებულიყო. იტალიური მედიის ცნობით, სპალეტის "ნაპოლიში" დარჩენა სურდა, თუმცა სურდა გაეგო, რას გეგმავდა გუნდი ზაფხულის სატრანფერო პერიოდში. მისი მოთხოვნა სრულიად სამართლიანად ჟღერდა, რადგან ეს გუნდი სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის მიერ იყო ჩამოყალიბებული - ადამიანის, რომელმაც სკუდეტოს მომგები შემადგენლობის შეკვრა უმცირესი ბიუჯეტით შეძლო. ეს ადამიანი კი, სამუშაოდ ტურინის "იუვენტუსში" გადადიოდა.

სპალეტიმ და გუნდის პრეზიდენტმა, ყველაფერი საერთო სადილის დროს, 15 წუთში გადაწყვიტეს. "ვაყენებ თუ არა ტკივილს საკუთარ თავს "ნაპოლიდან" წასვლის გამო? კი, იმიტომ რომ ეს გუნდი კვლავ მიყვარს", - თქვა სპალეტიმ ემოციურად. სპალეტი შეურაცხყოფილი ჩანდა.

"ნაპოლის" ქომაგი იმედგაცრუებული იყო. დე ლაურენტისის თქმით, გადაწყვეტილება თავად სპალეტიმ მიიღო, რომელსაც წინ ვერ დაუდგებოდა: "სპალეტი თავისუფალი ადამიანია. მითხრა, რომ ყველაფერს მიაღწია და რომ დასვენება სურდა. რას იზამდით, შეეწინააღმდეგებოდით"?

ყველაფერი ნათელი იყო: სპალეტი და დე ლაურენტისი ვერ შეთანხმდნენ, ისინი, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. სპალეტიმ ისიც უარყო, რომ მას დასვენება სურდა. 2 თვის შემდეგ, სკუდეტოს ტრიუმფატორი იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

რუდი გარსიას წარდგენა

მოულოდნელად, "ნაპოლის" რადარზე რუდი გარსია გამოჩნდა. დე ლაურენტისის თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელთანაც "გასული 10 დღე გაატარა". ამ სიტყვებით, მიანიშნებდა, რომ სპალეტი მის გემოვნებაში აღარ ჯდებოდა.

გულშემატკივარი ამ ფაქტს ენთუზიაზმით არ შეხვედრია. მთავარი მწვრთნელის სავარაუდო კანდიდატებად ანტონიო კონტე, რობერტო დე ძერბი, იულიან ნაგელსმანი და ლუის ენრიკე სახელდებოდნენ. იტალიის ჩემპიონი უფრო მაღალი კალიბრის ხელმძღვანელს იმსახურებდა და არა ისეთს, რომელმაც ბოლო ტიტული 2011 წელს, "ლილთან" ერთად მოიგო.

პრობლემები გუნდში

კორეელი კიმის გუნდიდან წასვლა დაცვის ხაზისთვის ცელის გამოსმას ჰგავდა. მისი ჩანაცვლება გუნდმა ვერ შეძლო. ამასთან, ტრავმა მიიღო ვიქტორ ოსიმენმაც, რომელთანაც, "ნაპოლიმ" კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ შეძლო.

იტალიური მედია წერდა, რომ ოსიმენი რუდი გარსიას გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არ გახლდათ. სექტემბერში, "ბოლონიასთან" ნათამაშები ფრის (0:0) დროს, ნიგერიელი ფორვარდი შეცვალეს, რამაც მისი განრისხება გამოიწვია. ხვიჩა კვარაცხელიასა და მატეო პოლიტანოს შემთხვევაშიც, ანალოგიური რამ მოხდა.

"ფიორენტინასთან" წაგებული საშინაო მატჩის შემდეგ, გარსიას უხასიათობა ეტყობოდა. იმავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტემ, შუა სეზონში, "ნაპოლის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

გარსიამ ნდობა ვერაფრით მოიპოვა. მაშინაც კი, როდესაც "ნაპოლი" იგებდა, გულშემატკივარი გუნდის თამაშით მაინც უკმაყოფილო ჩანდა. "უნიონ ბერლინთან" ვერმოგებული მატჩი ერთ-ერთი ბოლო წვეთი გახლდათ: "პარტენოპეიმ" ვერ მოუგო გუნდს, რომელმაც, მანამდე, ზედიზედ 12 მატჩში იწვნია მარცხი.

შედეგი ასეთია: გარსიას "ნაპოლიმ" კარი მშრალად მხოლოდ 5 შეხვედრაში შეინახა, "მარადონაზე" ნათამაშები 8 მატჩში კი მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა. მოიშალა გუნდი, რომელიც თავისი სანახაობრივი, შემტევი, შემოქმედებითი, ლაღი, თავისუფალი ფეხბურთით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალთან ახლოს იყო და რომელმაც, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ნეაპოლს სიამაყე დაუბრუნა.

ამ სეზონში, ნაპოლისთვის სკუდეტო იმაზე შორსაა, ვიდრე ვეზუვის ბოლო ამოფრქვევა. - მარკო ჩიჩიელო, Gazzetta dello Sport

მთავარი შეცდომა

არსებულ რეგრესზე პასუხისმგებლობა რუდი გარსიას ეკისრება, თუმცა მთავარი "ბრალეულობა" მის დამქირავებელზე მოდის. შესაძლოა, სპალეტი რთული ხასიათის ადამიანი იყოს, თუმცა გუნდის პრეზიდენტს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ სკუდეტოს ტრიუმფატორი კლუბში დარჩენილიყო.

საინტერესოა, როგორ შეძლებს ვალტერ მაცარი სიტუაციის დასტაბილურებას - მაცარი, რომლის ადგილას, იგორ ტუდორიც განიხილებოდა. მაცარი თუ ტუდორი, რა მნიშვნელობა აქვს, დე ლაურენტისმა ხომ თქვა, რომ ახალ ეპოქას სპალეტისთან ერთად შექმნიდა? ზაფხულის შემდეგ კი, გუნდს უკვე მესამე მწვრთნელი ჩაიბარებს.

Goal.com-ის მიხედვით

სხვა სტატიები