ნაპოლიმ სეზონში მეორე მწვრთნელი ბოლოს 26 წლის წინ შეცვალა
"ნაპოლიმ" ამ სეზონში მწვრთნელი მეორედ შეიცვალა, ასეთი რამ კი ბოლოს 26 წლის წინ მოხდა. მაშინ, ერთი წლის განმავლობაში გუნდს 4 სპეციალისტი ავარჯიშებდა და იმ გუნდისთვის სეზონი საშინლად დასრულდა.
გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ აურელიანო დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი დაითხოვა, თანაც ეს მოხდა "ბარსელონასთან" თამაშამდე 1 დღით ადრე. გუნდს სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ფრანჩესკო კალცონა უხელმძღვანელებს, მას სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციისგან ნებართვა აქვს, რომ იმუშავოს ნაკრებში და კლუბში ერთდროულად. კალცონა ნაპოლიში 2 სხვადასხვა მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა (ჯერ მაურიციო სარი, შემდეგ - ლუჩიანო სპალეტი). 2023 წლის ნოემბერში გუნდიდან რუდი გარსია გაუშვეს, ახლა კი ვალტერ მაცარი, ასეთი ხშირი ცვლილება კლუბს 26 წელია არ გაუკეთებია.
ნაპოლი მწვრთნელებს ამ სიხშირით არ იცვლიდა, ბოლოს ასეთი რამ 1997/98 წლების სეზონში მოხდა. მაშინ 1 კალენდარული წლის განმავლობაში გუნდს 4 სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა: ბორტოლო მუტი, კარლო მაცონე, ჯოვანი გალეონე და ვინჩენცო მონტეფუსკო. ნაპოლის ამან საშინელი შედეგი მოუტანა და გუნდმა 34-დან 24 თამაში წააგო, დააგროვა 14 ქულა და სერია A-დან გავარდა.
ახალი მწვრთნელის პირველი გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან ექნება, სერია A-ში კი კლუბს 36 ქულა აქვს და მე-9 ადგილს იკავებს.