ნაპოლიმ ლეანდერ დენდოკერი დაიმატა
"ნაპოლი" ბოლო დროინდელი წარუმატებლობის ფონზე, სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას განაგრძობს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც აურელიანო დე ლაურენტისმა დაიმატა ბელგიელი ლეანდერ დენდოკერია.
"ასტონ ვილას" კუთვნილი ნახევარმცველი ნეაპოლში, გამოსყიდვის უფლებით, იჯარით მივა, გამოსასყიდი თანხა კი 10 მილიონი ევრო იქნება. ბელგიელს იტალიაში უახლოეს დღეებში ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ტესტების შემდეგ კონტრაქტი შედგება და ახალი შენაძენი, ვალტერ მაცარისთვის, მომდევნო თამაშშივე იქნება ხელმისაწვდომი. ნაპოლი კვირას, სტადიო ოლიმპიკოზე, "ლაციოს" წინააღმდეგ ითამაშებს.
28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი "ანდერლეხტში" გაიზარდა და 5 წლის განმავლობაში პირველ გუნდში თამაშობდა. 2018-2020 წლებში ის "ვულვერჰემფტონის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი ასტონ ვილაში გადავიდა. დენდოკერს ბელგიის ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული.