ნაპოლიმ დაადასტურა - გუნდის მთავარ მწვრთნელად ვალტერ მაცარი დაინიშნა
,,ნაპოლის'' სეზონის ბოლომდე ვალტერ მაცარი უხელმძღვანელებს, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუდი გარსია ჩაანაცვლა.
ნეაპოლური კლუბის ყოფილ თავკაცს გათავისუფლება რამდენიმე კვირის წინაც ემუქრებოდა, თუმცა ,,პარტენოპეის'' პრეზიდენტისთვის - აურელიო დე ლაურენტისისთვის გადამწყვეტი სერია A-ს ბოლო ტურში, ,,ემპოლისთან'' საშინაო მარცხი გამოდგა.
იტალიურ მედიაში გარსიას შემცვლელთა შორის ფაბიო კანავარო და იგორ ტუდორიც სახელდებოდა, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი ვალტერ მაცარიზე შეჩერდა.
62 წლის სპეციალისტი ,,ნაპოლის'' 2009-2013 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა იტალიის თასის მოგება შეძლო, 2013 წელს კი სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ნეაპოლელებისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იყო. მაცარი მას შემდეგ ,,ინტერში'', ,,უოტფორდში'', ,,ტორინოსა'' და ,,კალიარიში'' მუშაობდა.
სერია A-ს 12 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. იტალიის მოქმედი ჩემპიონები მომავალ შეხვედრას 25 ნოემბერს, ,,ატალანტასთან'' სტუმრად გამართავენ.
Walter Mazzarri è il nuovo allenatore del Napoli.
— Official SSC Napoli (@sscnapoli) November 14, 2023
⁰Bentornato Mister! pic.twitter.com/i5EXAziuVP