Belive

Mundo Deportivo: "კვარაცხელია, მიტომა ან მარტინელი - ბარსელონა ერთ-ერთს აირჩევს"

10 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

კატალონიის "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში ფლანგის შემტევი ფეხბურთელების დისბალანსი განიცადა და ცხადია, რომ მომდევნო სეზონისთვის მარცხენა ფლანგის შემტევის შეძენა სურს. ამის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" წერს.

უსმან დემბელეს "პსჟ"-ში გადასვლა ძალიან დიდი დანაკლისი აღმოჩნდა ხავი ერნანდესისთვის, რომელიც სრულად ენდობოდა ფრანგ ფეხბურთელს და ძირითადში თამაში გარანტირებული ჰქონდა. მას ასევე შეეძლო მარცხენა ფლანგზე თამაში, თუმცა, უეცრად გადაწყვიტა, რომ კლუბი უნდა დაეტოვებინა.

მარცხენა ფლანგი კი ანსუ ფატისა და ფერან ტორესის იმედზე დარჩა, თუმცა მოგვიანებით ანსუ ფატიმაც გადაწყვიტა კლუბის დატოვება და იგი იჯარის წესით "ბრაიტონში" გადავიდა. მის ადგილას ჟოაო ფელიქსი მოვიდა, თუმცა, მან ხავის იმედები სათანადოდ ვერ გაამართლა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ დაიმკვიდრა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონას" მესვეურები მარცხენა ფლანგზე ენდობიან - ფერან ტორესია.

იდეა, რომელსაც ამუშავებენ კლუბის ზედა ეშელონებში, არის ის, რომ 4-3-3 არის ყველაზე გავრცელებული ფორმულა და ამისათვის საჭიროა მაქსიმალურად აქტიური და ტექნიკური მარცხენა შემტევი, რომელიც უზრუნველყოფს მეტოქის მოტყუებასა და შეტევის გამწვავებას. ამ ყველაფერთან ერთად, "ბარსელონას" მხარე ითხოვს, რომ ფეხბურთელი, რომელიც შემდეგი სეზონიდან კლუბში მოვა, საკმაოდ შედეგიანი უნდა იყოს, როგორც გოლების გატანის კუთხით, ასევე შედეგიანი გადაცემებითაც.

სწორედ ასეთ ფეხბურთელად მათ "ნაპოლის" ქართველი შემტევი - ხვიჩა კვარაცხელია, "ბრაიტონის" იაპონელი გარებარბი - კაურუ მიტომა და "არსენალის" ბრაზილიელი შემტევი - გაბრიელ მარტინელი დაასახელეს.

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩზე, სადაც "ბარსელონა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც კატალონიური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

საინტერესოა თუ რას გადაწყვეტენ "ბარსელონას" მესვეურები და მიეცამა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ისეთ დიდ გრანდში თამაშის საშუალება, როგორიც "ბარსელონაა".

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ასევე იგი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, ქართველი შემტევის გოლი "ატალანტას" წინააღმდეგ, სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.

სხვა სტატიები