მუნდიალის შემდეგ გილერმო ოჩოა საფეხბურთო კარიერას დაასრულებს
20 წელიწადზე მეტია, რაც გილერმო ოჩოა მექსიკის ნაკრების კარის შეუცვლელი მეკარეა. მას უზეიმია გამარჯვებები, უგემია მწარე მარცხი და შეუსრულებია ისეთი სეივები, რომლებიც გულშემატკივრების მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. თუმცა, ვერცერთმა ამ ემოციამ ვერ შეძლო მისი გატეხვა ისე, როგორც საკუთარი შვილის, ლუჩიანას მიერ დაწერილმა წერილმა.
ფიფასა და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ლეგენდარულმა მეკარემ მიიღო გზავნილი, რომელმაც ფეხბურთელის მიღმა მყოფი უბრალო ადამიანი დაგვანახა. მყუდრო გარემოში, აკანკალებული ხმითა და თვალებზე მომდგარი ცრემლებით, ოჩოამ კითხვა დაიწყო.
„ძვირფასო მამა. არსებობს რაღაცები, რომელთა სიტყვებით ახსნაც რთულია და ეს მომენტიც ერთ-ერთი მათგანია“ - ასე იწყებოდა წერილი.
ყველაზე ამაღელვებელი მომენტი კი წერილის დასასრულს დადგა.
„რაც არ უნდა მოხდეს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენთვის შენ უკვე გამარჯვებული ხარ. არა მხოლოდ შენი საფეხბურთო ნიჭის, არამედ იმის გამო, თუ როგორი ადამიანი ხარ, შენი შრომისა და იმ მაგალითისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვაძლევ.
და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ლეგენდად გთვლის, მე ყოველთვის მამაჩემად (და ამავდროულად, ჩემს ლეგენდად) დაგინახავ. ყველას ძალიან გვიყვარხარ და ვამაყობთ შენით, რადგან ჩვენ ერთად ვაპირებთ ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას.“ - ვკითხულობთ გილერმო ოჩოას შვილის წერილში.
“I’ll still see you as my dad, and also as my legend.”
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) June 15, 2026
In the latest episode of “Letters That Unite”, Ochoa receives an emotional letter from his daughter, reflecting on his incredible journey with the Mexico national team and his legendary career at the #FIFAWorldCup.
ამ ყველაფრის შემდეგ კი მან გულწრფელად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკრებიდან წასვლასა და კარიერის დასრულების დრო მოვიდა.
„უკვე 22-23 წელია, რაც ყველაფერი ერთ დიდ კარუსელში ტრიალებს, სადაც ძალიან ცოტა დრო რჩებოდა შვებულებისთვის, ოჯახისთვის ან მათი სადმე წასაყვანად. მექსიკის ნაკრები ყოველთვის იყო ჩემი კომპასი კარიერაშიც და ცხოვრებაშიც.
მე ვერ წარმოვიდგენ ჩემს კარიერას ნაკრების გარეშე. არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე. ახლა, როცა ნაკრებთან ყველაფერს ვასრულებ, ფეხბურთში აზრს ვეღარ ვხედავ, თამაშის გაგრძელების მიზეზს ვეღარ ვპოულობ.
აქ გატარებული ყოველი მომენტით ვისიამოვნე, ყველაფერი გავიღე და მოედანზე სული და გული დავტოვე. მივდივარ მშვიდად, ამაყად და მაღლა აწეული თავით, რომ ეს ყველაფერი გამოვცადე“ - გილერმო ოჩოა
გილერმო ოჩოას ფენომენი საფეხბურთო ისტორიაში მართლაც უნიკალურია. მას არასდროს ჰქონია ხმაურიანი საკლუბო კარიერა, თუმცა ოთხ წელიწადში ერთხელ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წელი მოვიდოდა, ის ნამდვილ სუპერგმირად ევლინებოდა თავის ქვეყანას და მოედანზე წარმოუდგენელ საოცრებებს ჩადიოდა. 2026 წლის მუნდიალი მის კარიერაში უკვე მეექვსეა - მიუღწეველი და ისტორიული მწვერვალი, რომელიც ოფიციალურად ხდება ამ დიდი ეპოქის საფინალო აკორდი.
სანაკრებო კარიერის დასრულებასთან ერთად, 40 წლის მეკარე ფეხბურთიდანაც მიდის, რადგან, როგორც თავად ამბობს, მექსიკის ნაკრების გარეშე თამაშს აზრი აღარ აქვს. ის ტოვებს მწვანე მინდორს, მაგრამ მიდის აბსოლუტურად მშვიდად, რადგან მილიონობით გულშემატკივრის მეხსიერებაში მუნდიალების მარადიულ სიმბოლოდ დარჩება, საკუთარი შვილისთვის კი მამად, რომელმაც დანებების უფლება არასდროს მისცა და რომელიც ყოველთვის მის მთავარ ლეგენდად დარჩება.