მუნდიალი 2022 | Top 3 - მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვანი ფეხბურთელები
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრებმა სამუნდიალო შემადგენლობა ოფიციალურად დაადასტურა, შესაბამისად, ეროვნული გუნდები განაცხადის შეცვლას ვეღარ შეძლებენ.
ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებს ეყოლება - იუსუფა მუკოკო 2004 წლის 20 ნოემბერსაა დაბადებული და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დღეს 18 წლის გახდება. ახალგაზრდებს შორის მეორე ადგილს გარანგ კოული (ავსტრალია) იკავებს - თავდამსხმელი 2004 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. სამეულში, ასევე ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, გავი მოხვდა (2004 წლის 6 აგვისტო).
ტურნირის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი მექსიკის ნაკრების მეკარე - ალფრედო ტალავერა იქნება (1982 წლის 18 სექტემბერი). მეორე პოზიციაზე ატიბა ჰატკინსონია (კანადა, 1983 წლის 8 თებერვალი), მესამეზე კი - პეპე (პორტუგალია,1983 წლის 26 აგვისტო).
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ეგვიპტელი მეკარე - ესამ ალ-ჰადარია, რომელმაც 2018 წლის მუნდიალზე 45 წლის ასაკში ითამაშა. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე კი ნორმან უაითსაიდია - ჩრდილოეთ ირლანდიელმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 17 წლისა და 41 დღის ასაკში იასპარეზა.