მუნდიალი 2022 | ტიაგო სილვა მსოფლიოს ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა 1/8-ფინალურ ეტაპზე იოლი გამარჯვება მოიპოვა და სამხრეთ კორეასთან (4:1) მოგებით შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
მერვედფინალური ეტაპის მატჩი გამორჩეული მაღალი დონის საფეხბურთო სანახაობით და არაერთი საინტერესო ფაქტით იყო, მათ შორის კი ერთ-ერთი რეკორდის ავტორი ბრაზილიელთა კაპიტანი, ტიაგო სილვა გახლავთ.
საქმე ისაა, რომ 38 წლის ცენტრალურმა მცველმა, თავისი გუნდის მიერ გატანილი მესამე გოლის დროს, რიშარლისონს საგოლე პასი გაუკეთა, რითაც ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალების ისტორიაში საგოლე გადაცემა მიითვალა.
წინა რეკორდსმენი ლეგენდარული აფრიკელი ფეხბურთელი, კამერუნელი როჟე მილა გახლდათ, რომელმაც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 38 წლის და 42 დღის ასაკში საგოლე პასი გააკეთა, ტიაგო სილვამ კი ეს 38 წლის და 74 დღისამ შეძლო.
ბრაზილიის ნაკრები 1/4-ფინალურ ეტაპზე ხორვატიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 9 დეკემბერს, “განათლების ქალაქის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.