მუნდიალი 2022 | მე-2 დღის მიმოხილვა
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე ინგლისი Vs. ირანის დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრამ ყურადღება პირველი წამიდან მიიპყრო: ფეხბურთელებმა და მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადეს.
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ეს მასშტაბური და დიდი გზავნილი იყო. ვიდეოებისა და ფოტოების კოლაჟებმა მსოფლიო მედია მოიცვა. მესიჯი ნათელია: ტოტალიტარულ, მჩაგვრელ და სრულიად რეგრესულ ხელისუფლებასთან ჭიდილში, თითქმის ყველა ირანელია გაერთიანებული. ახლა, ყველა ფრონტზე ბრძოლისას, ბარიკადებსა თუ ქუჩებში, ხალხი ირანის ნამდვილ, ძველ ჰიმნს მღერის - იმას, რომელიც ერთ დროს თავისუფალ ირანში ისმოდა.
რაც შეეხება თამაშს: ბრძოლისუნარიანობა ირანელებმა ფეხბურთში ნაკლებად აჩვენეს. მოედანზე მათი ქაოტური მოქმედება შესაძლოა ზუსტად იყოს იმისი ამსახველი, თუ რა ხდება დღეს ირანში. მეტიც, საფეხბურთო თვალსაზრისით, მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოდგენილთაგან, ირანი ცალსახად ერთ-ერთი ყველაზე უსუსურია.
თუმცა, ინგლისთან ცალკარა ფეხბურთის ფონზე, მათ 2 გოლის გატანა მაინც მოახერხეს - ეს კი, მეორე მხრივ, ინგლისელთა დაცვის ხარვეზზე და ირანელთა დიდ მონდომებაზე მიუთითებს.
ინგლისის შესახებ ჯერჯერობით ბევრის თქმის საშუალება არ გვაქვს: მეტოქე სუსტი ჰყავდა და უმარტივესი გოლები გაიტანა. ისედაც, პირველივე მატჩიდან ფორმის პიკზე მყოფი გუნდები დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძვიან და იმედი ვიქონიოთ, რომ გაცილებით უფრო დამაჯერებელ თამაშს ბრიტანელები შემდეგ ეტაპზე შემოგვთავაზებენ.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუნდებმა დამატებით 24 წუთით ითამაშეს, რაც ხანგრძლივი პაუზებისა (ირანელმა მეკარემ მძიმე ტრავმა მიიღო) და პიერლუიჯი კოლინას დირექტივის დამსახურებაა:
"მაგალითისთვის, თუკი მატჩში 3 გოლი გავა, ფეხბურთლები თითოეულს დაახლოებით 1-1.5 წუთი ზეიმობენ, ასე რომ, ჯამში 5-6 ვკარგავთ. თუ გსურთ მეტი სათამაშო დროის ხილვა, მზად უნდა იყოთ ამისთვის", - თქვა სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ინგლისი 6:2 ირანი | მიმოხილვა
დღის მეორე მატჩში ერთმანეთს A ჯგუფის წარმომადგენლები, ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ნიდერლანდულმა კლუბმა კლასის ხარჯზე, 2:0 მოიგო.
ნარინჯისფერთა თამაშის მოწონება რთულია. გამოიკვეთა, რომ გუნდის მთავარი საყრდენ-მამოძრავებელი ფრენკი დე იონგია, რომელიც შეტევებს იმდენად ეულად დირიჟორობს, თითქოსდა მოედანზე სხვა ნახევარმცველი არცაა წარმოდგენილი. სიმწვავე აკლდათ შემტევებსაც - ბერგვაინისა და იანსენის დუეტი ინერტული და კალიდუ კულიბალის დამსახურებით, საიმედოდ ამოკეტილი გახლდათ. წინა ხაზში დეპაის გამოჩენამ ცხადყო, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელის წოდებას მხოლოდ მემფისი თუ იმსახურებს.
სენეგალმა ემპათია გააჩინა: მომენტებში ნიდერლანდელებს ჯობდნენ, შეცდომებსაც მრავლად უშვებდნენ, მაგრამ უტევდნენ - ოღონდ მთავარი ლიდერის, ტრავმირებული სადიო მანეს გარეშე. მატჩის მიმდინარეობისას, ლაზარეთს კიდევ ორი სენეგალელი შეუერთდა, საბოლოოდ კი, შანსის ჯიუტად მომლოდინე ნიდერლანდების ნაკრებმა კარში პირველად 84-ე წუთზე დაარტყა, გაიტანა, მატჩის მიწურულს კი დემორალიზებულ გუნდს კიდევ ერთიც დაუმატა: აფრიკელთათვის დასანანი, მაგრამ სამართლიანი შედეგი.
გამოჩნდა, რომ ნიდერლანდების ნაკრები მძიმედ მოთამაშე, დისციპლინირებული, სახიფათო, საიმედო დაცვის მქონე, თუმცა ფრენკი დე იონგზე მეტისმეტად დამოკიდებულია, სენეგალს კი ეკვადორისა და ყატარის ბარიერის გადალახვა, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.
სენეგალი 0:2 ნიდერლანდები | მიმოხილვა
დღის ბოლო მატჩმა (აშშ VS. უელსი) დრატამული სახე შეხვედრის დასკვნით ნაწილში მიიღო. მთელი თამაშის განმავლობაში, იგრძნობოდა, რომ აშშ უკეთესად თამაშობდა და იგებდა კიდეც, თუმცა ანტონ ჩეხოვის დრამატურგიის პრინციპის თანახმად, თუ პიესის პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, მის ბოლოში ეს თოფი აუცილებლად გაისვრის - თოფი კი მოედანზე მობაჯბაჯე არადამაჯერებელი გარეთ ბეილი გახლდათ, რომელმაც ჯერ პენალტი გამოიმუშავა, შემდეგ იდეალურად დაარტყა და მატჩის ბოლოს დუბლის შესრულებაც შეეძლო.👇