მუნდიალი 2022 | ჩახუტება, ცრემლები და ემოციური დამშვიდობება აშშ-სა და ირანის ფეხბურთელებს შორის
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა გულშემატკივარს თავი უკვე არაერთი გარემოების გამო დაამახსოვრა, მათ შორის ბევრი არასასიამოვნო გარემოების გამოც.
გარდა იმისა, რომ საფეხბურთო სამყარო კატარში მუნდიალის ჩატარებას, თანაც ზამთრის პერიოდში, ეწინააღმდეგებოდა, ტურნირს თან სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრებაში არსებული პოლიტიკური გარემოებებიც დაერთო. მათ შორის არის ირანი, რომელშიც მოსახლეობა ქალების უფლებების გამო იბრძვის, პროტესტის რადიკალურ ფორმებს კი მთავრობის მხრიდან მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვება. უფრო კონკრეტულად, მასობრივ პროტესტს ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი მუნდიალის დროს არ შეასრულეს, რაზეც საპასუხო რეაქციამ არ დააყოვნა და ბოლო ტურის მატჩში აშშ-ს წინააღმდეგ იგივეს გაკეთების შემთხვევაში საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის მუქარა მიიღეს.
მატჩის ამ მძიმე ფონს მარცხი (0:1) და მუნდიალიდან გამოთიშვაც დაერთო, რამაც ფეხბურთელები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა, მათი დახმარება კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა სცადეს. ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი, რომელიც კამერების თვალთახედვის არეალში მოხვდა, ამერიკის ნაკრებისა და ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი "ფულემის" მარცხენა მცველის, ენტონი რობინსონისა და ირანის ნაკრებისა და ადგილობრივი "სეპაჰანის" მარჯვენა მცველის, რამინ რაზაეიანის მომენტი იყო, რომლებიც მატჩის ბოლოს ერთმანეთს თბილად და ემოციურად დაემშვიდობნენ.