Belive

მთავარი არბიტრი ცნობილია: მსაჯი, რომელსაც საქართველო-ესპანეთის მატჩზე აქამდეც უმუშავია

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ესპანეთს დაუპირისპირდება. ცნობილია, რომ შეხვედრას საკმაოდ გამოცდილი არბიტრი, რადუ მარიან პეტრესკუ მოემსახურება. რუმინელი არბიტრი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თუ ევროპის ლიგის შეხვედრებს ხშირად ხელმძღვანელობს და დიდი სანაკრებო ტურნირების შესარჩევ რაუნდებზეც მუშაობს ხოლმე. საინტერესოა, რომ 38 წლის რეფერის საქართველოსთან გადაკვეთა აქამდეც ჰქონია და ის სამ შეხვედრაში ჩვენი ეროვნული გუნდების მატჩებს მოემსახურა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ორ მატჩზე მსაჯი სწორედ პეტრესკუ გახლდათ. ორივე მატჩი 2015 წელს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა და ორივე შემთხვევაში ქართველების მარცხით დასრულდა. 29 მაისს, ჩვენი გუნდის მეტოქე სწორედ ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები იყო და მასში "ფურია როხას" ახალგაზრდულმა შემადგენლობამ - 4:1 იმარჯვა. იმ მატჩში ესპანელთა მაისურით გოლები მარკო ასენსიომ, ხესუს ვალიეხომ, ბორხა მაიორალმა და ალფონსო პედრასამ, ქართველთა მხრიდან კი ერთი ბურთი გიორგი თევზაძემ გაქვითა. ამ გუნდიდან თბილისში ამჟამად მხოლოდ მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი, როდრია ჩამოსული. აქ მსაჯმა ქართველთაგან ჯიმი ტაბიძე გააფრთხილა, ისევე როგორც, მეტოქე გუნდში, დანი სებალიოსი. მეორე შეხვედრა ვაკეში 31 მაისს გაიმართა და მასში, ესპანელთა მეზობელ, პორტუგალიელებთან წავაგეთ - 2:3. იქ გოლები მასპინძელთა მხრიდან ზურაბ მალანიამ და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს, ჩვენი კარის დალაშქვრა კი ფაბიო სილვამ, ჟილ დიაშმა და პედრო ფილიპე პეპემ შეძლეს. აქ პეტრესკუმ აკაკი შულაია, ლუკა ზარანდია (ორი ყვითელი ბარათი და გაძევება), ოთარ კიტეიშვილი, რომან ჭანტურია და გურამ გოშთელიანი გააფრთხილა, პორტუგალიეელები კი 4-ჯერ გააფრთხილა. ამ ორ შეხვედრაში იმ ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ამჟამად საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი: ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე და გიორგი ბერიძე. რადუ მარიან პეტრესკუმ საქართველოს მთავარი ნაკრების შეხვედრაც განსაჯა, რომელიც უეფას ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გათამაშების, D დივიზიონის მესამე ტურის ეგიდით გაიმართა და რომელშიც ანდორასთან სტუმრად, ფრე - 1:1 ვითამაშეთ. იმ მატჩში გოლი იმ ტურნირის გმირმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, ოთარ კაკაბაძემ კი გაფრთხილება მიიღო.
ანდორა 1:1 საქართველო - GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
პეტრესკუ ამ სეზონში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის უხვგოლიან და უხვბარათიან შეხვერდასაც მოემსახურა, რომელშიც ქართველების "ანორთოსისი" "ბაზელთან" სტუმრად - 2:3 დამარცხდა. იმ შეხვედრაში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდის მხრიდან ერთი გოლი გიორგი ქვილიამ, 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მსაჯის გაფრთხილება, თანაც ორჯერ და შესაბამისად, გაძევება თორნიკე ოქრიაშვილმაც დაიმსახურა. იმ შეხვედრაში სრულად გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა ითამაშეს. პეტრესკუს ბარათების ჩვენება ძალიან უყვარს და ეს აქ ხსენებული მატჩების სტატსიტიკიდანაც გამოჩნდა. მიმდინარე სეზონში, რუმინელმა რეფერიმ ყველა ტურნირის ჯამში 23 მატჩში 117 ყვითელი და 8 წითელი ბარათი გამოიყენა და ხუთი პენალტი დანიშნა. ამ 23 მატჩიდან მხოლოდ 1 იყო ისეთი, რომელშიც მსაჯმა სულ მცირე 3 ბარათი არ გამოიყენა. მომდევნო, მეორე ტურის მატჩში, საქართველოს ეროვნული გუნდი 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები