Belive

"მსურს ბარსელონას ძველი დიდების დაბრუნებაში დავეხმარო" - რობერტ ლევანდოვსკი

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

რობერტ ლევანდოვსკის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი დასრულდა - პოლონელმა ვარსკვლავმა "ბარსელონას" მაისური მოირგო! კატალონიურ და მიუნხენურ გრანდებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ბუნდესლიგა ლევანდოვსკის დაემშვიდობა! 14 წლიანი ფენომენალური კარიერის განმავლობაში, პოლონელმა შემტევმა "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" მაისურები მოირგო. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით წარმატებული და ტიტულებით დახუნძლული, სწორედ "რეკორდმაისტერის" რიგებში გატარებული 8 წელი გამოდგა. "ბაიერნში" გატარებული 8 წლის განმავლობაში, ლევანდოვსკი რვაჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული და მიუნხენურ გრანდთან ერთად, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორადაც მოგვევლინა. ყველა ტურნირზე, "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 375 შეხვედრაში - ლევანდოვსკიმ 344 გოლი გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ფეხბურთის დიდების დარბაზში, 33 წლის პოლონელმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.

50 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რობერტ ლევანდოვსკი "ბლაუგრანას" საკუთრება გახდა და მის პროფესიულ საქმიანობაში ახალი ეტაპი დაიწყო - ეტაპი, რომელშიც პოლონელს ახალი გამოწვევა ელის. კატალონიური გრანდის ოფიციალურ მედიასთან საუბარში, ლევანდოვსკიმ იმ გარემოებების შესახებ ისაუბრა, რის გამოც "ბარსელონაში" თამაში გადაწყვიტა.

რატომ გადაწყვიტა რობერტ ლევანდოვსკიმ "ბარსელონაში" გადასვლა?

"აქ იმისათვის ვარ, რომ კლუბს მწვერვალზე დაბრუნებაში დავეხმარო და რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. ლა ლიგის ამ დიდებულ კლუბში თამაში ყოველთვის მსურდა და იდეალური შესაძლებლობა მომეცა. ეს ასევე არის გამოწვევა ჩემი პირადი ცხოვრებისთვის. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის მოგება სურს. გუნდში უამრავი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს, რომელთაც ბრწყინვალე შესაძლებლობები აქვთ. აღფრთოვანებული ვარ იმ ყველაფრით, რისი მიღწევაც შეგვიძლია. დავრწმუნდი, რომ ხავისა და ჩემი იდეები თანხვედრაშია - გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. მსურს ვითამაშო და ტიტულებს დავეუფლო. მჯერა, რომ ხავისთან ერთად, ამ ყველაფერს მარტივად მივაღწევ. მან შესანიშნავად იცის, როგორ უხელმძღვანელოს "ბარსელონას". ხავი წარმოუდგენლად კარგი ფეხბურთელი იყო და ახლა დიდებული მენეჯერია. მას დიდებული მომავალი ელის და მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო".

რატომ გაჭიანურდა ლევანდოვსკის ტრანსფერი?

"საბოლოოდ აქ ვარ და "ბარსელონაში" ყოფნით უზომოდ ბედნიერი ვარ. უკანასკნელი რამდენიმე დღე უსაშვლოდ გაიწელა, თუმცა, საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა - საბოლოოდ, შეთანხმება რეალობად იქცა. კარიერის ამ ახალ გამოწვევას მზადყოფნაში ვხვდები. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მატჩებისა და ტიტულების მოგება უყვარს - ვიმედოვნებ, ამ თვალსაზრისით სეზონი წარმატებით დაიწყება და დასრულდება".

სხვა სტატიები