Belive

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის თარიღი ცნობილია

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ცნობით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

წილისყრაში მონაწილეობას მიიღებს 54 ევროპული ნაკრები (რუსეთი კვლავ დისკვალიფიკაციითაა დასჯილი), რომლებიც 12 ოთხ და ხუთგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან.

ხუთგუნდიანი ჯგუფებისთვის ციკლი 2025 წლის 21-22 მარტს დაიწყება, 4-გუნდიანი ჯგუფებისთვის კი 4-6 სექტემბერს. ევროპაში შესარჩევი ეტაპის ბოლო ტური 2025 წლის 16-18 ნოემბერს გაიმართება.

მომავალ მუნდიალზე, რომელშიც 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები იასპარეზებს, ევროპას 16 წარმომადგენელი ეყოლება - 12 პირველადგილოსანი საგზურს პირდაპირ გაიფორმებს, 12 მეორეადგილოსანი კი, ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, 2026 წლის მარტში პლეი-ოფში ითამაშებს და დარჩენილი 4 საგზურის მოპოვებას ეცდება.

Football Meets Data-ს ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3 კალათში იქნება. ჩვენი გუნდის გარდა, მე-3 კალათშია ირლანდია, ფინეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისლანდია, მონტენეგრო და ჩრდილოეთ ირლანდია. უდიდესია იმის ალბათობა, რომ მე-3 კალათს შემოუერთდება ბოსნია და ჰერცეგოვინა.

Image

პირველი კალათი საფრანგეთმა, ინგლისმა, ესპანეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, იტალიამ, გერმანიამ და ხორვატიამ დააკომპლექტეს, მათ მალე შვეიცარია და დანია შეუერთდებიან.

  • ცნობილია, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო, შეუძლებელია ამ ნაკრებების ერთ ჯგუფში მოხვედრა: სომხეთი-აზერბაიჯანი; ბელარუსი-უკრაინა; გიბრალტარი-ესპანეთი; ბოსნია და ჰერცეგოვინა-კოსოვო, კოსოვო-სერბეთი.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველომ 7 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და ჯგუფში მხოლოდ კოსოვოს აჯობა. ჩვენი ჯგუფიდან მუნდიალზე პირველი ადგილით ესპანეთი გავიდა, მეორეადგილოსანი შვედეთი კი პლეი-ოფში დამარცხდა.

სხვა სტატიები