მსაჯი ალამს დაგვიანებით აღარ აწევს? ფიფა თამაშგარის ახალ ტექნოლოგიას ამატებს
დაგვიანებული თამაშგარის ალამი, შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს მას შემდეგ, რაც ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი ტექნოლოგია წარადგინა.
VAR-ის სისტემისთვის დაინერგება გაუმჯობესებული, ნახევრად ავტომატიზებული თამაშგარის ტექნოლოგია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას დააჩქარებს და ასისტენტს საშუალებას მისცემს, ალამი მაშინვე აღმართოს და ეპიზოდის დასრულებას არ დაელოდოს.
თუ ფეხბურთელი თამაშგარეში 10 სანტიმეტრზე მეტით იქნება, ასისტენტი რეალურ დროში მიიღებს აუდიო სიგნალს. ტექნოლოგიის წინა ვერსიები, რომლებიც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატსა და საკონტინენტთაშორისო თასზე გამოიცადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებდა, თუ ფეხბურთელი თამაშგარეში 50 სმ-ით მეტით იყო.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის ასწიოს ალამი და გააჩეროს თამაში, კვლავინდებურად გვერდით მსაჯზე იქნება დამოკიდებული. მათ შეუძლიათ ალამი არ აღმართონ, თუ ეჭვი აქვთ, რომ სისტემამ ხარვეზით იმუშავა, თუმცა ფიფა აცხადებს, რომ შეცდომების თავიდან ასაცილებლად ტექნოლოგიაში არაერთი დამცავი მექანიზმია ჩაშენებული.
როგორც BBC წერს, ტექნოლოგიას ძალიან პატარა თამაშგარეების დაფიქსირება მაინც გაუჭირდება. ასევე არსებობს შეზღუდვები, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პოზიციური თამაშგარის დროს და არა სუბიექტური გადაწყვეტილებებისას, მაგალითად, როცა საჭიროა იმის შეფასება, შეუშალა თუ არა ხელი მოთამაშემ მეტოქეს ბურთთან შეხების გარეშე.
ფიფამ ასევე დაადასტურა, რომ უფრო ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად, თითოეული ფეხბურთელის რეალისტური, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი 3D ავატარი შეიქმნება. ეს ნიშნავს, რომ ციფრულად დასკანერდება 48 გუნდის 26-კაციანი განაცხადის ყველა მოთამაშე, ჯამში 1 248 ფეხბურთელი. თითოეული მათგანი სპეციალურ კაბინაში შევა დასასკანერებლად. ეს პროცესი სულ რაღაც ერთ წამს წაიღებს და მისი გავლა მხოლოდ ერთხელ, ტურნირისწინა ფოტოსესიის დროს იქნება საჭირო.
🚨 𝗡𝗘𝗪: FIFA is introducing a new offside technology for the 2026 World Cup.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) June 3, 2026
· The system will alert assistant referees when a player is more than 10 cm offside, allowing them to raise the flag sooner instead of waiting for the play to finish.
· This should reduce… pic.twitter.com/Eg8A55UTOB