Belive

მოურინომ დაიწყო | რეალის სამზადისი და წინასასეზონო ამბები

8 საათის წინ ფეხბურთი
4 წთ

ორი უტიტულო სეზონის შემდეგ, ფლორენტინო პერესმა რეალში არეული სიტუაციის დასალაგებლად ჟოზე მოურინიო იხმო. ამ კვირაში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხელახალი დანიშვნის შემდეგ, პორტუგალიელმა პირველი ვარჯიში ჩაატარა.

რეალის წინასასეზონო მზადება ოფიციალურად 13 ივლისს დაიწყო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გუნდის ლიდერების ნაწილი ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, სრულ შემადგენლობასთან შეხება პორტუგალიელს ჯერ არ ჰქონია.

მოურინიოს ასისტენტები ჟოაო ტრალჰაო, პედრო მაჩადო, ფიზმომზადების მწვრთნელი ანტონიო დიასი, ანალიტიკოსი რობერტო მერელა და მეკარეების მწვრთნელი ნუნო სანტოსი იქნებიან. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად მოურინიოსთან რეალის ყოფილი ნახევარმცველი, 39 წლის სამი ხედირაც იმუშავებს.

„აქ იმიტომ ვარ, რომ სამუშაო კულტურა, პასუხისმგებლობა და ამბიცია შევქმნა“, - აღნიშნა მოურინომ მედიასთან საუბარში.

ბოლო წლებში, კომერციული მიზნებით, რეალი წინასასეზონო შეკრებას აშშ-ში მართავდა, თუმცა წელს კლუბმა ბაზაზე დარჩენა გადაწყვიტა.

უკვე დადასტურებულია ორი ამხანაგური მატჩი: 1 აგვისტოს, ავსტრიაში, მადრიდელები ფიორენტინას დაუპირისპირდებიან, 8 აგვისტოს კი მოურინო ფეხბურთელებს დეპორტივოსთან დააკვირდება (ტერეზა ერერას თასის ყოველწლიური გათამაშება). ამას გარდა, როგორც შიდა წყაროები იუწყებიან, სამეფო კლუბი სავარაუდოდ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ვინ შეუდგება ვარჯიშს ორშაბათიდან?

პირველ ეტაპზე მზადებას ის ფეხბურთელები იწყებენ, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ. მათ შორის არიან: ანდრეი ლუნინი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ედუარდო კამავინგა, დინ ჰუისენი, რაულ ასენსიო, ალვარო კარერასი, ფრანკო მასტანტუონო და გონსალო გარსია. ცნობილია, რომ მუნდიალს მიღმა დატოვებული კამავინგა კლუბის ბაზაზე დაგეგმილზე ადრე, პარასკევს გამოცხადდა.

პირველ კვირაში გუნდი ორმაგი ვარჯიშებითა და ფიტნეს-დატვირთვებით დაკავდება. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოურინო აკადემიის 10-12 ფეხბურთელსაც დააკვირდება, რათა მათი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

არიან ტრავმირებულებიც: ფერლან მენდი მოედანს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაუბრუნდება. ედერ მილიტაო სეზონის სტარტზე მზადყოფნაში იქნება, როდრიგოს კი მოედანზე წლის ბოლომდე ვერ ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ტიბო კურტუამ მუნდიალზე კუნთის ტრავმა მიიღო, თუმცა ახლა რეაბილიტაციას გადის და მოედანს მალევე დაუბრუნდება.

მსოფლიო ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები გუნდს ეტაპობრივად შეუერთდებიან (მათი ნაკრებების შედეგების მიხედვით). ტურნირს ყველაზე ადრე არდა გიულერი და ფედერიკო ვალვერდე გამოეთიშნენ, შესაბამისად მათი დაბრუნების თარიღებიც ამ თანმიმდევრობით არის გაწერილი.

1/16 ფინალიდან ტურნირს ანტონიო რუდიგერი და ახლადშეძენილი ნიდერლანდელი - დენზელ დუმფრისი გამოეთიშნენ. მათ ბერნარდუ სილვა, ასევე ვინისიუსი და ენრიკი მოჰყვებიან. ბრაჰიმ დიასი, რომლის მაროკომ საუკეთესო 8 გუნდს შორის გააღწია, უფრო მეტ ხანს დაისვენებს.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი რეალმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. გუნდს შემოემატნენ:

  1. მარკ კუკურეია | ჩელსი | €55 მლნ;

  2. დენზელ დუმფრისი | ინტერი | €20 მლნ;

  3. იბრაჰიმა კონატე | ლივერპული | თავისუფალი აგენტი;

  4. ბერნარდუ სილვა | მანჩესტერ სიტი | თავისუფალი აგენტი;

  5. ენდრიკი | ლიონი | იჯარის დასასრული.

ლა ლიგის პირველ ტურში რეალს თავდაპირველად რეალ სოსიედადთან უნდა ეთამაშა, მაგრამ შეთანხმების საფუძველზე, ის გუნდები, რომლებსაც ნახევარფინალისტები ჰყავდათ, პირველ ტურს გამოტოვებენ. ამრიგად, მადრიდელები სეზონს გასვლით მატჩში, ესპანიოლთან დაიწყებენ (22-23 აგვისტოს). სოსიედადთან მატჩი კი, სავარაუდოდ, შუა კვირაში გადაინაცვლებს.