Belive

მოურინიო პისილიზე: ,,გასახდელში უნდა გავქცეულიყავი, თორემ, მეც მასსავით ავტირდებოდი''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,რომამ'' ,,შერიფს'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩში საბოლოო ანგარიში 19 წლის ნიკოლო პისილიმ დააფიქსირა, რომელიც დედაქალაქური კლუბის აღზრდილია.

ახალგაზრდა იტალიელის სადებიუტო გოლზე ,,ჯალორისის'' მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ისაუბრა:

,,ბევრ სხვა გუნდში ბევრი დებიუტანტი მყოლია, მაგრამ ეს ბიჭები რომაში გაიზარდნენ, სტადიონზე მამებთან და ბაბუებთან ერთად დადიოდნენ... და როცა მათ ამ გუნდის მაისურით თამაშის საშუალება ეძლევათ, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია.

ეს პისილის პირველი გოლია ,,სტადიო ოლიმპიკოზე'', ევროპა ლიგაზე, კარში, რომელსაც აქამდე ტრიბუნებიდან უყურებდა. ძალიან სასიხარულოა! გასახდელში უნდა გავქცეულიყავი, თორემ, მეც მასსავით ავტირდებოდი.'' - ჟოზე მოურინიო

მატჩის შემდეგ სადებიუტო გოლსა და გუნდის მთავარ მწვრთნელზე თავად პისილიმაც ილაპარაკა:

,,ამ სტადიონზე, ამ მაისურით გოლის გატანას ვერასდროს წარმოვიდგენდი! ყველამ იცის, რომ რომას ქომაგები განსაკუთრებულები არიან და მე ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ! უბრალოდ, ვეცადე ის გამეკეთებინა, რასაც ყოველთვის ვაკეთებ, რადგან მოედანზე შიშით გასვლა ყველაზე ცუდი რამაა.

მოურინიომ მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და იმედი მაქვს, ეს გამომივიდა. მასთან ყოველდღიურად მუშაობა წარმოუდგენელია... ეს ჩემთვის დიდი პატივია!

რომაში თამაში 9 წლის ასაკში დავიწყე, უკვე 10 წელია აქ ვარ. ეს გუნდი ჩემთვის ოჯახივითაა!'' - ნიკოლო პისილი

ევროპა ლიგის ჯგუფში ,,რომამ'' 13 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (პირველზე სლავია გავიდა), რაც იმას ნიშნავს, რომ მოურინიოს გუნდი ასპარეზობას 1/16-ფინალში გააგრძელებს.

სხვა სტატიები