"ფეხბურთი სპორტი არაა, ფეხბურთი ცხოვრებაა", ეს ფრაზა მეგობრებთან საუბრისას ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს უთქვამს და რაც არ უნდა გაცვეთილად ჩავთვალოთ მასში სრული ჭეშმარიტების ამოკითხვა შეიძლება, მართლაც ფეხბურთი ცხოვრებაა, და ამ ცნების ჭეშმარიტების დამტკიცება თუ გსურთ, საკმარისია ერთხელ მაინც უყუროთ ისეთ დაპირისპირებებს, როგორებიცაა გლაზგო - სელტიკი, ბოკა - რივერი, მილანი - ინტერი და კიდევ უამრავი დერბი თუ არადერბი რომლის მსვლელობისას გულშემატკივრებს სახეზე არა საყვარელი გუნდის სიყვარული, არამედ მოწინააღმდეგის ზიზღი აწერიათ, მათ თვალებში ამოიკითხავთ უდიდეს სურვილს, შევარდნენ სტადიონზე და ყველაფერი ქნან თავისი გუნდის წარმატებისთვის, მათ თვალებში ამოიკითხავთ უდიდეს გრძნობას, საკუთარი გუნდის მიმართ, რომელიც სიტყვებით არ გამოითქმევა.
2013 წლის 8 მაისს, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, თვალწინ დაუდგათ 1999 წლის 26 მაისი, 2008 წლის 21 მაისი და ყველა ის დიდი სპექტაკლი რომელიც შოტლანდიელმა მაესტრომ თავის გულშემატკივარს უსახსოვრა, რამდენადაც კარგი თვეა "მანჩესტერის" გულშემატკივრებისთვის მაისი, იმდენად ცუდია ის, 8 რიცხვში სერ ალექსმა "იუნაიტედისა" და თავისი ისტორიის წიგნში უკანასკნელი წერტილი დასვა, იგი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
ზუსტად 8 მაისს, აირია "იუნაიტედი" და "ოლდ ტრაფორდის" გასახდელი, მას შემდეგ ვერც დევიდ მოიესმა, ვერც უფრო მკაცრმა ვან გაალმა და ვერც განსაკუთრებულმა ჟოზე მოურინიომ ვერ შეძლეს ფეხბურთელებისთვის მთავარი ესწავლებინათ - დისციპლინა.
დისციპლინა რომელიც ფერგიუსონის დროს ყოველთვის პირველ ადგილას იდგა, დისციპლინა რომლითაც იგი თვით ერიკ კანტონას, როი კინს და სხვა უამრავ გადარეულ ფეხბურთელს მართავდა და მათი ქარიზმა გუნდისთვის სარგებლის მომტანი ხდებოდა, ფერგიუსონისთვის არ არსებობდა ავტორიტეტები, იგი ბექჰემს, ფორლანს და მსგავს ვარსკვლავებს პატარა შეცდომებს არ პატიობდა და გუნდიდან აგდება, მათ ნაცვლად კი კლუბში პატარა ბიჭები მოჰყავდა, რომელთაც მომავალში 5 ოქროს ბურთიც კი მოუგიათ.
2003 წელს, სერ ალექს ფერგიუსონსა და დევიდ ბექჰემს შორის კონფლიქტი მოხდა, შედეგად ბექსს თვალში ბუცი მოხვდა, "რეალთან" მატჩში კი სულაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა, შეცვლაზე შემოსულმა თავის მომავალ გუნდს ულამაზესი ჯარიმაც გაუტანა, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. გავავლოთ პარარელი 2013 წლის 8 მაისის შემდეგ, როდესაც გუნდში სრულ ქაოსსა და არეულობას აქვს ადგილი, 2016 წელს "ჩელსისთან" წაგებული 4:0 შემდეგ, "იუნაიტედის" ფეხბურთელები სიცილ-კისკისით უცვლიდნენ ფორმებს "არისტოკრატებს", რაც ფერგის ეპოქაში წარმოუდგენელი იყო, რადგან 4 გოლის გაშვების შემდეგ ვიდიჩი, ფერდინანდი და ვან დერ საარი, გასახდელში ყველაზე ბნელ კუთხეში მიიმალებოდნენ, რათა შოტლანდიელს მათი სახეები გაბრაზებულზე არ ენახა, რადგან მის ცეცხლს და ვნებას კლუბის მიმართ, ვერც ეს სამი მთასავით კაცი გაუძლებდა, ვერც როი კინი სხვათაშორის.
ევრა იხსენებს, როდესაც სადებიუტო მატჩისთვის ფერგიმ განაცხადში შემიყვანა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, ერთი სული მქონდა ეს ლეგენდარული მაისური ჩამეცვა და "ოცნებათა თეატრში" გავსულიყავი სათამაშოდო, მე-15 წუთზე ფერგიმ გახურება მიბრძანა, ვიფიქრე მალევე შევალ მოედანზეთქო თუმცა 90-ე წუთამდე ვხურდებოდი, თამაშმა კი არ მომიწიაო, წარმოიდგინეთ მსგავსი რამ მოურინიოს პოგბასთვის რომ ექნა, რა მოხდებოდა მეორე დღეს გაზეთებში. ფრანგი ფეხბურთელი უამრავ განცხადებას გააკეთებდა, ინსტაგრამზე ან სხვა სოციალურ ქსელში პროვოკაციულ სურათს განათავსებდა, შემდეგ მოურინიო "დასჯის" მიზნით ვიცე-კაპიტნის სამკლაურს ჩამოართმევდა და სათადარიგოთა სკამზე დასვამდა, რამდენიმე კვირაში კი ორივე დაივიწყებდა ამ კონფლიქტს და პოგბა ისევ ისე ითამაშებდა, უგულოდ - ფერგიმ კი პოგბა გუნდიდან გაუშვა, ერთ მილიონ დოლარად.
"4:0 რომ წაგვეგო გასახდელში ვერ შევიდოდით, ესენი კიდევ "ჩელსის", მტრის ფეხბურთელებს მაისურებს უცვლიან, სირცხვილია" - აღშფოთებული იძახდა როი კინი და მოითხოვდა გუნდის გასახდელში ტელეფონების შეტანაც კი არ აეკრძალათ და მართალიც იყო, რამდენიმე დღის წინ, "ლივერპულთან" გასამართი მატჩის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლ პოგბა და ჯესი ლინგარდი გასახდელში ცეკვავენ და ინგლისელი ფეხბურთლის დაბადების დღეს ზეიმობენ, ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ათავსებენ და მეორე დღეს "იუნაიტედის" ქომაგთა გულის გასახეთქად მოსისხლე მტერთან 3:1-ს, უშანსოდ აგებენ, 100 მილიონად ნაყიდი მსოფლიო ჩემპიონი კი სათადარიგოთა სკამს "ხეხავს".
ერთხელ, "ჩელსისთან" მატჩის წინ, სერ ალექს ფერგიუსონმა ამინდის პროგნოზს ჩახედა, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობდნენ, სწორედ ამიტომ შოტლანდიელმა ფეხბურთელებს უბრძანა საწვიმარი ბუცები ჩაეცვათ, რა თქმა უნდა ყველამ გაითვალისწინა ეს თხოვნა, რომელიც სავარაუდოდ ბრძანებას წარმოადგენდა, თუმცა "მანჩესტერის" გასახდელში, იმ დროისთვის მგზნებარე სამხრეთული სისხლი ჩქეფდა, ფორლანმა უკუაგდო ბოსის თხოვნა და მოედანზე ჩვეულებრივი ბუცებით გავიდა. მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მართლაც წვიმა წამოვიდა, ერთი-ერთზე გასულ დიეგოს კი ფეხი დაუცურდა და სწორედ ამის გამო 100 პროცენტიანი შანსი გააცუდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფერგიმ გასახდელის გვირაბში მიმავალ ფორლანს სთხოვა მისთვის ბუცები ეჩვენებინა, როდესაც მწვრთნელი დარწმუნდა რომ დიეგოს საწვიმარი ბუცები არ ეცვა, მან ისინი უბრალოდ მოისროლა, რაზეც დიეგო გაბრაზდა და გუნდიდან ულაპარაკოდ წავიდა, თუმცა ფერგის ეს არასოდეს აღელვებდა, იცოდა რომ გუნდში უკეთესს მოიყვანდა, მოჰყავდა კიდეც, როგორც ეს 2003 წელს იყო, ბექზის ნაცვლად რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ.
“რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ვინმე ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად გაემგზავრება” - ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის, ამ სიტყვებით აიდგეს საფეხბურთო ენა ერიკ კანტონამ, რაიან გიგზმა, პოლ სქოულზმა, დევით ბექჰემმა, უეინ რუნიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, დავიდ დე ხეამ და მან..
ახალმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის თუ რა აკლია დღეს გუნდს, სიყვარული.. სიყვარული რომლითაც ნორვეგიელი ნამდვილად გამოირჩეოდა, ის ხომ სულ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ელოდებოდა როდის დასჭირდებოდა მისი დახმარება მის საყვარელ გუნდს, მის საყვარელ მწვრთნელს და მის საყვარელ გულშემატკივრებს, რომელთა გახარებას და რწმენის დაბრუნებას ისევ შეეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მილიონობით გულშემატკივარს საყვარელი ფეხბურთელი დაუბრუნდა, რომელიც არავის მისცემს უფლებას კლუბის ლოგოს ანგარებით აკოცოს და არავის მისცემს უფლებას "ლივერპულთან" მატჩის წინ როდესაც მტერს 16 ქულით ჩამორჩება იცეკვოს, წაგების შემდეგ კი მაისურები გაუცვალოს.
გუნდს სათავეში ფერგის სისტემის კაცი ჩაუდგა, სისტემის რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა!