მორიგი უთანხმოება - კილიან მბაპე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კილიან მბაპეს "პსჟ-ს" დატოვება ისევ სურს და ეს ყველაფერი შესაძლოა არა ზაფხულის, არამედ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოხდეს.
საქმე ისაა, რომ მბაპეს კლუბთან ურთიერთობა კვლავაც არასტაბილურია და მის თავს პრობლემები არ დასრულებულა.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, როცა 23 წლის ფრანგი ვარსკვლავის თავს ჭორები და აურზაური არ წყდებოდა, პარიზულმა გრანდმა გამოსავალი სუპერ-კონტრაქტის გაფორმებით მონახა.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტი გააფორმა და იგი ძალაში 2025 წლამდე იქნება. რაც შეეხება ანაზღაურებას, იგი ყოველწლიური 50 მილიონი ევროთი განისაზღვრა, რასაც ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბონუსის სახით 100 მილიონი ევრო დაემატა.
გარდა ფინანსურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის წოდების მიღებისა, მბაპეს უფლებებიც გაეზარდა და მისი როლი "პსჟ-ში" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გახდა. გარდა სათამაშო მოედნისა, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს ხელმძღვანელობასთან გავლენაც გაეზარდა და თითქმის, სპორტულ დირექტორთან გათანაბრებული უფლებებით სარგებლობს.
როგორც ჩანს, ყველა ამ პრიორიტეტის მიუხედავად, მბაპეს კლუბთან არეულობა და პრობლემები მაინც აქვს, ზამთარში კი გუნდის დატოვება სურს.
მთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, კილიან მბაპეს დამატების სურვილი მადრიდის "რეალს" ჰქონდა, მაგრამ მან კლუბში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება არჩია.