"მომენატრა მწვრთნელის პიჯაკი? მოიცადეთ, ცოტაც მოიცადეთ" - ზინედინ ზიდანი
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, მისი გულშემატკივრისთვის საკმაოდ დამაიმედებელი განცხადება გაავრცელა. როგორც ჩანს, "ზიზუს" მოედანზე, მწვრთნელის რანგში, ძალიან მალე ვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ზიდანი "რეალის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს გულშემატკივრებს შორის. "ზიზუ" საფრანნგეთშიც ძალიან მოთხოვნადია. "პსჟ-ს" ფანების გარდა, ლეგენდარული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის რანგში ხილვა, საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრებსაც სურთ.
ორშაბათს საღამოს, პარიზში, გრევინის მუზეუმში, საკუთარი ცვილის ქანდაკების პრეზენტაციაზე, ზინედინმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ყველაზე მთავარ შეკითხვაზე, დაუბრუნდებოდა თუ არა მწვრთნელის საქმიანობს, "ზიზუმ" ასეთი პასუხი გასცა:
"მომენატრა მწვრთნელის პიჯაკი? მოიცადეთ, ცოტაც მოიცადეთ".
როგორც France Bleu-ს ჟურნალისტი, ფაბრის ჰოკინსი იტყობინება, ყატარის ემირს სურს, რომ "პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდეს. ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანი მხოლოდ ლეგენდარული ფრანგის დანიშვნითაა დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, მადრიდის "რეალის" ყოფილ დამრიგებელთან შეთანხმება ჯერჯერობით არ მომხდარა.