Belive

UEFA სერბების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის წამახალისებელ შეძახილებს გამოეხმაურა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრის დროს, გულშემატკივრების შეძახილი ფართო განხილვის საგანი გახდა. ჰამბურგში გამართულ მატჩზე, მაყურებელი ასეთ სიტყვებს სკანდირებდა: "მოკალით სერბები".

სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია ძალადობის წამახალისებელ შეძახილებს გამოეხმაურა და ევრო 2024-ის დატოვებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუკი ევროპული ფეხბურთის მაკონტროლებელი ორგანო რაიმე ზომებს არ მიმართავდა.

"ამ სკანდალის საპასუხოდ, UEFA-სგან სანქციებს ველოდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ტურნირს დავტოვებთ", - თქვა სერბეთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, იოვან სუბატოვიჩმა.

მომხდარ ინციდენტს UEFA შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: "გულშემატკივრის მხრიდან, რასისტული ან დისკრიმინაციული სავარაუდო ქმედების საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, UEFA-მ სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია 14,500 ევროთი დააჯარიმა. UEFA-ს თანახმად, ინგლისთან (1:0) შეხვედრის დროს სერბმა გულშემატკივრებმა მინდორზე სხვადასხვა საგანი ისროლეს და ასევე, სტადიონზე პროვოკაციული, სპორტულ ღონისძიებასთან შეუსაბამო შინაარსის ბანერი გამოფინეს.

UEFA-ს გადაწყვეტილებას წინ სდევდა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი, რომლის თანახმადაც, "სერბი გულშემატკივარი კოსოვოს წინააღმდეგ პოლიტიკურ, შოვინისტურ და რასისტულ გზავნილებს ავრცელებდა".

ამ თემასთან დაკავშირებით, სუბატოვიჩის კომენტარი ასეთია: "ჩვენი გულშემატკივარი სხვებზე გაცილებით უკეთესად იქცეოდა. ჩვენ, სერბები, ჯენტლმენები ვართ".

სხვა სტატიები