Belive

'მისი დონე გუნდისას ჩამოუვარდება' - ხოჭოლავამ შესაძლოა შახტარი დატოვოს 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უკრაინული მედია იმ ხუთი ფეხბურთელის სიას აქვეყნებს, რომელმაც შესაძლოა დონეცკის "შახტარი" ახლო მომავალში დატოვოს. გასაკვირია, თუმცა, მოკლე ნუსხაში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავაც მოხვდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საუკეთესო კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. "რა თქმა უნდა ქართველი ფეხბურთელის ამ სიაში ნახვა ბევრს გაუკვირდება. უფრო მეტიც, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავამ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ხოლო "შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა კლუბის YouTube-ის არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "მეშახტეები" ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფეხბურთელებს არ ეძებენ. ეს განცხადება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უკრაინის ბაზარზე არ არიან ფეხბურთელები, რომლებიც "შატხარში" უკვე არსებულ დონეს აღემატებიან.მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხოჭოლავა ლეგიონერია. უნდა გესმოდეს, რომ კრივცოვზე, მატვიენკოს და ბონდარზე უფრო ძლიერი უკრაინელების პოვნა შეუძლებელი ამოცანაა, მაგრამ ხოჭოლავას ნაცვლად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლეგიონერის პოვნა არც ისე რთული მისიაა.  ქართველი ფეხბურთელის სათამაშო ხარისხი "შახტარის" ფეხბურთელების ზოგად დონეს ჩამოუვარდება. მას აშკარად აკლია სიჩქარის თვისებები. იმის გათვალისწინებით, რომ "მეშახტეები" დიდ დროს ხარჯავენ შეტევებში, მათი დაცვის ხაზი იძულებულია საკმაოდ მაღლა განთავსდეს. სიჩქარის სიმცირე მუდმივი პოზიციური შეცდომებით რეალური თავის ტკივილი ხდება დონეცკური გუნდისთვის. დიახ, ხოჭოლავას აქვს ძლიერი მხარეები: თავით თამაში და ბრძოლისუნარიანობა. ის არის "შახტარის" ყველაზე დიდი და ძლიერი ცენტრალური მცველი, რომელიც უნდა დაეხმაროს გუნდს იმ გუნდების წინააღმდეგ თამაშებში, რომელთაც ძლიერი ფორვარდები ჰყავთ. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო "ინტერთან" მატჩები, რომლის შეტევაშიც რომელუ ლუკაკუ მოქმედებდა. ბრძოლაში მან საკმაოდ კარგად იმოქმედა. აუქმებს თუ არა მისი ღირსებები მისსავე ნაკლოვანებებს? ნამდვილად არა. ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება, გთავაზობთ გადახედოთ ევროპის ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ინტერის წინააღმდეგ გაშვებულ მეხუთე გოლს.  უნდა იყოს თუ არა "შახტარი" ხოჭოლავას იმედად? ეს მართლაც საკამათო საკითხია, და შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ თუ "შახტარი" ამბიციურ მიზნებს დაისახავს ევროპულ ტურნირენბში, მაშინ ლეგიონერის უკეთესი შემცვლელი უნდა იპოვოს", - წერს უკრაინული გამოცემა Football.ua ქართველი ფეხბურთელის შესახებ. 27 წლის ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ გრანდში 2017 წლის ივლისიდან ირიცხება და მას შემდეგ გუნდის მაისურით 79 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა, 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ თასის მფლობელი გახდა და წინა სეზონში ევროპის ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშა. მიმდინარე სეზონში, ხოჭოლავამ ყველა ტურნირზე "შატხარის" 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, მადრიდში, "რეალთან" გამარჯვებისას (3:2).

სხვა სტატიები