მიქაუტაძისთვის პრემიერ ლიგის ორი კლუბი იბრძვის
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირით ადრე, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით პრემიერ ლიგის ორი კლუბი აქტიურადაა დაინტერესებული. უკანასკნელი ცნობებით, "ვესტ ჰემი" აქტიურად ცდილობს მიქაუტაძის დამატებას, თუმცა, ყველაზე ღირებული წინადადებით "შეფილდმა" გამოიჩინა თავი.
ცნობილია, რომ მიქაუტაძის სანაცვლოდ "მეცი" 20 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ფრანგული კლუბების უმრავლესობას არ შეუძლიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, "ლიონი" სატრანსფერო რბოლას ჩაეხსნა. იტალიურმა "ლაციომ" კი "მეცს" მხოლოდ 15 მილიონიანი წინადადებით მიმართა, რაც ფრანგებმა დაუყოვნებლივ დაბლოკეს.
ერთადერთი კლუბი, რომელმაც სასურველ თანხასთან მიახლოებული შეთავაზება გააკეთა "შეფილდია" - პრემიერ ლიგის კლუბი მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონს იხდიდა, რომელიც "მეცმა" ასევე დაბლოკა. ფრანგული Le10Sport-ის ინფორმაციით, "შეფილდი" და ახლა უკვე "ვესტ ჰემიც" მიქაუტაძის სანაცვლოდ ახალ შეთავაზებას ამზადებენ, რომელზეც "მეცი" დიდი ალბათობით უარს ვერ იტყვის.